ქართული ოცნების ყრილობა

ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილი აირჩიეს

facebook.com/KvirikashviliOfficial

ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარის პოსტზე, სპორტის სასახლეში მიმდინარე ყრილობაზე, პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აირჩიეს. მისი თქმით, ეს პოსტი უდიდესი პასუხისმგებლობა და დიდი გამოწვევაა.

"მზად ვარ ვემსახურო სამშობლოს და ყველაფერი გავაკეთო ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის. ჩემთვის უდიდესი პატივია ვიყო იმ პარტიის თავმჯდომარე, რომელიც ქვეყნის უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დროს შეიქმნა და გარდამტეხი როლი შეასრულა საქართველოს სახელმწიფოს განვითარების გზაზე. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ქართული ოცნების დამფუძნებელსა და მის პირველ თავმჯდომარეს, რომლის შექმნილმა პოლიტიკურმა ძალამ მოახერხა და მშვიდობიანად, არჩევნების გზით შეცვალა ხელისუფლება. ასეთი პრეცედენტი საქართველოს მანამდე არ ჰქონია. ჩვენმა პარტიამ, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, პოლიტიკური ცხოვრების ყველა ეტაპი გაიარა. სულ მოკლე ხანში, დევნისა და შევიწროვების მიუხედავად, ქართული ოცნება, ახალ შექმნილი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიიდან ქვეყნის მმართველ პარტიად იქცა და საქართველოს სახელმწიფოს განვითარებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა. მინდა მადლობა ვუთხრა ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც ურთულეს და ძალიან საპასუხისმგებლო პერიოდში უხელმძღვანელა პარტიას და როგორც პრემიერმნისტრმა, წარმატებით განაგრძო ქვეყნის მართვა" - განაცხადა ივანიშვილმა ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.

კვირიკაშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა ქართული ოცნების საპარლამენტო გუნდსა და პოლიტიკურ საბჭოს, ასევე პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს. 

დღევანდელი ღონისძიება საქართველოს ჰიმნით გაიხსნა, შემდეგ კი დელეგატების წინაშე სიტყვით პარტიის გენერალური მდივანი, კახა კალაძე წარსდგა

კომენტარები