ნერგაძე: კანონმა, შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლოს უმოქმედობა გამოიწვიოს

ტაბულა

პარლამენტის ფრაქცია რესპუბლიკელების წევრი, თეიმურაზ ნერგაძე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებებით სასამართლოს გაკონტროლება რთული იქნება, თუმცა უმოქმედობის საფრთხე არის. დეპუტატი დღევანდელ კენჭისყრას ესწრებოდა, თუმცა მასში მონაწილეობა არ მიუღია.

„ერთ-ერთი ძირითადი არის ქვორუმის პრობლემა. შესაძლებელია, რომ ხშირად ვერ მიიღონ გადაწყვეტილება. გარდა ამისა, ბევრია თითქოს პატარ-პატარა პუნქტები, მაგრამ ამან შეიძლება გააკეთოს ის, რომ სასამართლომ ვერ იმუშაოს და ეს ძალიან ცუდია. გაკონტროლება არა, შეიძლება უმოქმედობა მოხდეს. კაკონტროლება ძალიან ძნელია“ - აცხადებს დეპუტატი.

ჟურნალისტების კითხვას, ვის ინტერესში შედის საკონსტიტუციო სასამართლოს უმოქმედობა, დეპუტატი პასუხობს, რომ არ იცის. ნერგაძე კანონში ცვლილებების მიღებაში  პოლიტიკურ მოტივაციას ვერ ხედავს.

„არამგონია. იმას, რომ ვიღაცა შეთქმულებას აკეთებს, მე არ ვიხილავ. ვიღაცას ჰგონია, რომ ეს არის კარგი, ვიღაცას ჰგონია, რომ ცუდია. ესაა ჩვეულებრივი“ - აცხადებს თეიმურაზ ნერგაძე.

პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებები დღეს მიიღო. კანონპროექტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა. მათ შორის არ იყვნენ რესპუბლიკელების, თავისუფალი დემოკრატების, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ახალი პოლიტიკური ცენტრის, გირჩის წარმომადგენლები.

კომენტარები