ბაქრაძე: საკონსტიტუციოზე შეტევა რ2-ის ხელში ჩასაგდებად საფუძვლის მზადებაა

ჩვენ ყველა თვალს ვადევნებთ სასამართლო პროცესს, რომელიც ამ დღეებში მიმდინარეობს "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ და ყველა ვხედავთ, ძალიან შემაშფოთებელ ნიშნებს, რომ ხელისუფლება აგრძელებს ორკესტრირებულ შეტევას "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ და ამ პროცესში ხელისუფლება იყენებს სასამართლოს მის მიერ კონსტროლირებადი მოსამართლეების მეშვეობით. მთელ ამ პროცესში ერთადერთ ნამდვილად დამოუკიდებელ ინსტიტუტად, რომელმაც შეიძლება ხელისუფლებას ხელი შეუშალოს "რუსთავი 2"-ის წაღებაში, რჩება საკონსტიტუციო სასამართლო. ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლოზე შეტევა, გარდა იმისა, რომ არის შეტევა სასამართლო ინსტიტუტის წინააღმდეგ, ასევე არის საფუძველის მზადება "რუსთვის 2"-ის საბოლოოდ ხელში ჩასაგდებად. მინდა მკაფიოდ ვუთხრა ხელისუფლებას, რომ მათ ეს არ გამოუვათ და ჩვენ ამას არ დავუშვებთ. სწორედ ამ მიზეზის გამო ჩვენ არ დავესწარით დღევანდელ სხდომას. ჩვენ მომავალში საპარლამენტო უმრავლესობასთან და პარლამენტთან ჩვენი ურთიერთობის საკითხს განვიხილავთ, მაგრამ ჩვენი ბრძოლა გრძელდება და ხელისუფლებას არ მივცემთ არც "რუსთავი 2"-ის ხელში ჩაგდების და არც საკონსტიტუციო სასამართლოს გატეხვისა და დაკნინების შესაძლებლობას.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებებს რუსთავი 2-ის საქმეს უკავშირებს და პრეზიდენტს მოუწოდებს ვეტო დაადოს კანონს.

კომენტარები