იაგლანდი: საკონსტიტუციო სასამართლოს დასუსტების მცდელობა შემაშფოთებელია

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივნის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს დასუსტების ნებისმიერი მცდელობა შემაშფოთებელია. ამის შესახებ საუბარია თორბიორნ იაგლანდის წერილში, რომელიც მან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს გამოუგზავნა. წერილი, რომელიც სასამართლოს ვებ-გვერდზე დღეს გამოქვეყნდა, იაგლანდმა პაპუაშვილს 2016 წლის 11 მაისს გამოუგზავნა.

წერილში აღნიშნულია, რომ მიზანშეწონილია, საქართველოს ხელისუფლება დაინტერესდეს კანონპროექტის შესახებ ვენეციის კომისიის მოსაზრებით.

„მადლობას გიხდით იმისთვის, რომ სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციას მაწვდით. სრულად ვაცნობიერებ წევრ ქვეყნებში ევროპის საბჭოს ფასეულობების დაცვაში საკონსტიტუციო სასამართლოების როლს. ამიტომ, საკონსტიტუციო სასამართლოს დასუსტების ნებისმიერი მცდელობა ჩემთვის შემაშფოთებელია.

ასევე ვიზიარებ თქვენს მოსაზრებას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს კანონში ნებისმიერი ცვლილების მომზადება უნდა იყოს გამჭირვალე და ინკლუზიური პროცესი. მიზანშეწონილია, საქართველოს ხელისუფლება დაინტერესდეს კანონპროექტის შესახებ ვენეციის კომისიის მოსაზრებით. ჩემთვის ცნობილია, რომ საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაცია მისცა, რომ კონსულტაცია გამართოს ვენეციის კომისიასთან“ - აცხადებს იაგლანდი.

პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებები დღეს მიიღო. კანონპროექტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა. მათ შორის არ იყვნენ რესპუბლიკელების, თავისუფალი დემოკრატების, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ახალი პოლიტიკური ცენტრის, გირჩის წარმომადგენლები.

კომენტარები