ევროკავშირი-თურქეთი

თურქეთი ევროკავშირისგან უვიზო რეჟიმის მინიჭების იმედს კარგავს

AFP

თურქეთის ევროკავშირთან ურთიერთობის მინისტრის ვოლკან ბოზკირის თქმით, თურქეთი ევროკავშირისგან ვიზალიბერალიზაციის მიღების იმედს კარგავს. მისი თქმით, ანტიტერორისტული კანონმდებლობის შეცვლა შეუძლებელია. ევროკავშირი კი, ამ კანონში ცვლილებას და ტერორიზმის განსაზღვრების გადახედვას აყენებს თურქეთისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების აუცილებელ პირობად.

ევროკავშირი და უფლებადამცველები თურქეთს ანტიტერორიტული კანონის ჟურნალისტებისა და ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენებაში ადანაშაულებენ. თურქეთის მთავრობა კი, ამას უარყოფს და აცხადებს, რომ კანონის სიმკაცრე ტერორისტებთან ბრძოლისთვის აუცილებელია.

ცნობისთვის, გასულ კვირას თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი უვიზო რეჟიმის მისაღებად ევროკავშირის ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნის, ანტიტერორისტული კანონმდებლობის შეცვლას არ აპირებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ერდოღანის განცხადებები თურქეთის პრემიერის აჰმედ დავუთოღლუს მიერ გადადგომის დაანონსებას მოჰყვა. დავუთოღლუ კი ევროკავშირთან მოლაპარაკებებში მთავარ როლს თამაშობდა.

გუშინ კი, გერმანელი ევროპარლამენტარის ბრიჯიტ ზიპელის თქმით, ევროპარლამენტმა თურქეთისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების გეგმაზე მუშაობა შეაჩერა და ამის მიზეზად თურქეთის მიერ ევროკავშირის 72 კრიტერიუმის დაუკმაყოფილებლობა დაასახელა.

კომენტარები