კოალიცია ქართული ოცნება

პრემიერი: თუ ზაქარეიშვილს სხვა მოსაზრებები აქვს, გადაწყვეტილება მიიღოს

facebook.com/KvirikashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შერიგების მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის მიერ თამაზ მეჭიაურის ნათქვამის შეფასებას გამოეხმაურა. მეჭიაურმა ამერიკულ-ქართულ წვრთნებთან დაკავშირებით თქვა, რომ ამას შესაძლოა, რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვა და 2008 წლის მსგავსი კონფლიქტი მოჰყვეს. ზაქარეიშვილის მოსაზრებით კი, მეჭიაურის განცხადებაზე მეტად ქართული ოცნების დუმილია მნიშვნელოვანი. პრემიერი ფიქრობს, რომ მთავრობის წევრის მხრიდან მთავრობისვე კრიტიკა მიუღებელია და თუ ზაქარეიშვილს სხვა მოსაზრებები აქვს, მან "ჩვეულებრივი ადამიანური გადაწყვეტილება" უნდა მიიღოს.

"რაც შეეხება განცხადებას, რომელიც გააკეთა პაატა ზაქარეიშვილმა, რომ მას აკვირვებს ქართული ოცნების დუმილი, მე მაკვირვებს პაატა ზაქარეიშვილის განცხადება, იმიტომ, რომ ეს არის აბსოლუტურად არაობიექტური განცხადება. როცა საქართველოს მთავრობის წევრი გამოხატავს უკმაყოფილებას საქართველოს მთავრობის რატომღაც, მისი აზრით, დუმილის გამო, ეს არის მისი გადაწყვეტილება, თუ მას გააჩნია სხვა მოსაზრებები, მიიღოს ჩვეულებრივი ადამიანური გადაწყვეტილება. ვფიქრობ, მთავრობის წევრის მხრიდან მმართველი ძალის არაობიექტური კრიტიკა არის გასაკვირი და მიუღებელი. ძალიან გული მტკივა მისი ამ განცხადების გამო. მას პატივს ვცემ, მაგრამ ვფიქრობ, მისი განცხადება იყო ნაჩქარევი და ობიექტურობას დაშორებული", - თქვა პრემიერმა.

კომენტარები