ოფშორული ზონა

ოფშორული კომპანია, რომელმაც 29 ჰექტარი შეიძინა ივანიშვილის დეკლარაციაში არაა

George Nebieridze / BuzzFeed

ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ არსებული 29.7 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ონლაინ აუქციონზე 6,326,495 ლარად გაიყიდა. ტერიტორიის მფლობელი "შპს თაბორი რეზორთსი" გახდა. "თაბორი რეზორთსის" მფლობელი "შპს ოლდ სიტი დეველოპმენტია"- თავად ოლდ სიტი დეველოპმენტის 100%-იან წილის კი პანამაში 2011 წელს რეგისტრირებული ოფშორული კომპანია FRANKSTON INTERNATIONAL-ი ფლობს, ეს კომპანია კი ივანიშვილის დეკლარაციაში მითითებული არაა.  

კომპანია "თაბორი რეზორთსი" 2016 წლის 27 აპრილს აუქციონის დასრულებამდე 6 დღით ადრე შეიქმნა. ომპანია იქ თბილისში ყველაზე დიდი გოლფ კლუბისა და 20 ათას კვადრატულ მეტრზე გაშენებული, მინიმუმ 80 ნომრიანი სასტუმროს მოწყობას გეგმავს. თაბორი რეზორთსის ოფისი ივანიშვილის სხვა კომპანიების მსგავსად თბილისში, ჭავჭავაძის 39-ში, ქართუ ბანკის სათავო ოფისში მდებარეობს. "თაბორი რეზორთსის" 100%-იანი წილის მფლობელი "ოლდ სითი დეველოპმენტია" ამ კომპანიის ოფისიც ჭავჭავაძის 39-ში მდებარეობს და ის საქართველოში რამდენიმე დეველოპერულ პროექტს ახორციელებს. თავად "ოლდ სიტი დეველოპმენტის" 100%-იანი წილს კი პანამაში 2011 წელს რეგისტრირებული ოფშორული კომპანია FRANKSTON INTERNATIONAL ფლობს, შესაბამისად ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ გაყიდული 29.7 ჰექტარის მფლობელიც  FRANKSTON INTERNATIONAL-ია. ეს კომპანია კი ივანიშვილის დეკლარაციაში მითითებული არაა. 

ტაბულა ჯერ კიდევ აპრილში შეეცადა გაერკვია იყო თუ არა პანამის ოფშორში რეგისტრირებული FRANKSTON INTERNATIONAL-ის ბენეფიციარი მფლობელი ბიძინა ივანიშვილი, თუმცა ფონდში განაცხადეს, რომ ამ ტიპის ინფორმაცია კონფიდენციალურია, რის გამოც მათ ამ ინფორმაციის გამხელის უფლება არ აქვთ.

თანაინვესტირების ფონდმა 6 მაისს გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ ოლდ სიტი დეველოპმენტის მიერ განხორციელებული პროექტების "ინიციატორი და ინვესტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია." თანაინვესტირების ფონდის განცხადებაში ასევე წერია, რომ ივანიშვილი მზადაა დათმოს პროექტები, თუკი რომელიმე ინვესტორი ფონდში წარადგენს ამ პროექტების განხორციელების განვითარების უკეთეს გეგმას ვიდრე თავად ფონდს ავქს. ეს კი ნიშნავს, რომ ფონდი აღიარებს, რომ პანამის ოფშორში 2011 წელს რეგისტრირებულ FRANKSTON INTERNATIONAL-სა და ბიძინა ივანიშვილს შორის კავშირი არსებობს. 

თუკი FRANKSTON INTERNATIONAL-ის ბენეფიციარი მფლობელი ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილია, ეს უკვე მეორე ოფშორული კომპანია იქნება, რომელიც ივანიშვილმა საკუთარ დეკლარაციაში არ მიუთითა. Panama Papers-ის მონაცემებით პირველი კომპანია, რომელიც ივანიშვილმა ქონებრივ დეკლარაციაში არ მოიხსენია Lynden Management იყო. თუმცა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდში ამას დარღვევად არ მიიჩნევენ. თანაინვესტირების ფონდის თავმჯდომარე გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებდა, რომ ამ კომპანიის ქონებრივ დეკლარაციაში მიუთითებლობა დანაშაულს არ წარმოადგენდა, რადგანაც საქმე არა კომპანიის პირდაპირ ფლობას, არამედ მის ბენეფიციარულ ფლობას შეეხებოდა. საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს ინფორმაციით კი, ქონებრივ დეკლარაციაში პირმა უნდა მიუთითოს ყველა კომპანია, სადაც მისი მონაწილეობა ფიქსირდება და რომლიდანაც ის სარგებელს იღებს, რაც ბენეფიციარულ ფლობაზეც ვრცელდება.

კომენტარები