პარტია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო სოფელ კორცხელსა და სოფელ წყალტუბოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისებზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ მსგავსი ფაქტი პარტიისთვის კატეგორიულად მიუღებელია. ქართული ოცნება შესაბამის ორგანოებს მყისიერი რეაგირებისკენ მოუწოდებს.
„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელსა და სოფელ წყალტუბოში მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისების წინ განთავსებული პარტიის სააგიტაციო მასალის დაზიანება. ამასთან, არ გამოვრიცხავთ, რომ მსგავსი პროვოკაციები შესაძლოა მიზანმიმართულად მომავალშიც განხორციელდეს. ასეთი ფაქტები ძაბავს წინასაარჩევნო გარემოს. ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს ინტერესებშია არჩევნები ჩატარდეს აბსოლუტურად დემოკრატიულ და თავისუფალ, მშვიდ გარემოში. შესაბამისად, ნებისმიერი სახის დარღვევა ან ფაქტი, რომელიც ჩრდილს მიაყენებს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების პროცესს, დაუყონებლივლივ უნდა აღიკვეთოს, საჭიროების შემთხვევაში კი დაიწყოს გამოძიება.“-წერია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბებზე სოფელ კორცხელსა და წყალტუბოში თავდასხმა დღეს გამთენიისას მოხდა. დაზიანებულია კანდიდატების საარჩევნო ბანერები. თავდასხმაზე პარტია ერთანი ნაციონალური მოძრაობა პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.





