ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

გიორგი ვაშაძემ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დატოვა

BPN.GE

გიორგი ვაშაძემ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დატოვა. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ პარლამენტში ისაუბრა. ვაშაძე მოძრაობის შექმნას გეგმავს. 

"დღეს საქართველო ურთულეს მდგომარეობაშია, რაც გამოწვეულია ივანიშვილის რეჟიმის უუნარობით და აშკარა მავნებლობით. ადამიანებმა დაკარგეს ხვალინდელი დღის რწმენა, ყველგან უიმედობა და უპერსპექტივობაა, ქვეყანას მართავს ივანიშვილის ჯიბის მთავრობა. ჩვენი მიზანია მოქალაქეებს გავუჩინიოთ პერსპქტივა და რეალური შესაძლებლობები განვითარებისთვის, დასაქმებისა და უკეთესი ცხოვრებისთვის. ამისთვის საჭიროა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის დასრულება. ეს შეუძლია მხოლოდ ახალი თაობის ენერგიულ, მიზანდასახულ და თავისუფალ ძალას.

საჯარო სამსახურში ყოფნის დროს სიახლეების ინოვაციების, ტექნოლოგიების დანერგვით შევძელით ადამიანის და სახელმწიფოს სრულიად ახალი ურთიერთობის მოდელის დამკვიდრება, მაგალითად - იუსტიციის სახლების სახით. ჩემი აქტიურ პოლიტიკაში მოსვლის მიზანი იყო და არის ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება ქვეყანაში, რომელიც ახალ პოლიტიკურ კლასს გაუხსნის გზას, სრულიად ახალ პერსპექტივას და განვითარების შესაძლებლობას მოუტანს სქართველოს თითოეულ მოქალაქეს. მსგავსი მოლოდინი ჰქონდა საზოგადოებას, ჩვენს ამომრჩევლებს, რომლებიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან ელოდებოდნენ ინოვაციებს და ახალი ტიპის იდეებს. მაგრამ ეს არ განხორციელდა.

ნაცვლად სიცოცხლისუნარიანი ღია ორგანიზმისა, ჩვენ მივიღეთ დახურული, კაბინეტური მმართველობის სისტემა, რომელიც მისი ბუნებიდან გამომდინარე თავადაა მოკავშირე ივანიშვილის მავნებლური მმართველობისა და ემსახურება მხოლოდ პარტიის ერთი მცირე ჯგუფის პერსონალურ ინტერესებს. ამ კაბინეტურ მმართველობას აქვს თავისი სახელები და გვარები - გიგა ბოკერია, მიშა მაჭავარიანი, ხათუნა გოგორიშვილი, გოკა გაბაშვილი და მათ ფასადად ქცეული დავით ბაქრაძე.

მე უარს ვამბობ გარანტირებულ ადგილზე მომავალ პარლამენტში ფასადურად განახლებული პარტიის სიით და ვიწყებ ახალი მოძრაობის შექმნას, რომლის მთავარი პრინციპი იქნება ახალი ადამიანები პოლიტიკაში, ახალი პოლიტიკური კულტურით, ახალი იდეებით და გადაწყვეტილების მიღების ახალი მექანიზმებით.

მივმართავ ჩვენს მხარდამჭერებს, საზოგადოებას, ვისთან ერთადაც ჩვენ ვიბრძოდით ძლიერი, წარმატებული ქვეყნის მშენებლობისთვის, დროა გავერთიანდეთ, დავიწყოთ რეალური ბრძოლა ახალი საქართველოსთვის!", - თქვა ვაშაძემ ბრიფინგზე.

კომენტარები