ბოტანიკური ბაღი

ბოტანიკური ბაღის საკითხზე საკრებულოში ნარმანიას მისვლას მოითხოვენ

timer.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და დამოუკიდებელი დეპუტატები საკრებულოში ბოტანიკური ბაღის საზღვრების ცვლილებასა და ტერიტორიის ნაწილის გასხვისებასთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვენ. მათივე თქმით, აუქციონზე გუშინ გაყიდულ 29 ჰექტარს თბილისის ფინანსური დანაკრგებიც მოჰყვება. შესაბამისად, ისინი ბიუჯეტის არამიზნობივი საკითხის დაყენებასაც გეგმავენ.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ირაკლი აბესაძის თქმით, თუკი ბიძინა ივანიშვილი არ შეისყიდიდა აღნიშნულ ტერიტორიას, იქ არსებული გაზის მილების გადატანა მერიას 618 000 ლარი დაუჯდებოდა, ახლა კი 1 320 000 ლარი უჯდება.

"გარდა იმისა, რომ მოხდა 29 ჰექტრზე ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის გაუქმება მხოლოდ იმიტომ, რომ ივანიშვილს შეეძინა ეს ნაკვეთი, გზის სამუშაოების გადატანის გამო ბიუჯეტიდან დამატებით მილიონობით ლარი უნდა დაიხარჯოს, უფრო სწორად, უნდა გაიფლანგოს. ერთ კონკრეტულ მაგალითზე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ გაზის მილის გადატანა იმ შემთხვევაში, თუ გზას არ შეისყიდიდა ბიძინა ივანიშვილი, მერიას უჯდებოდა 618 000 ლარი და იმის გამო, რომ ნაკვეთი მიიტაცა ბიძინა ივანიშვილმა, ახლა გაზის მილის გადატანა დაჯდება 1 320 000 ლარი, რაც ნიშნავს, რომ ორჯერ უფრო მეტი უნდა გადაიხადონ თბილისელებმა საკუთარი ბიუჯეტიდან მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ნაკვეთზე ვიღაცის რეზიდენცია აშენდეს. ეს თანხები არის პირდაპირი გაფლანგვა საბიუჯეტო სახსრების", - თქვა ირაკლი აბესაძემ.

გარდა ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვის შესახებ საკითხის დაყენებისა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და დამოუკიდებელი დეპუტატები მოითხოვენ, რომ მოსახლეობის კითხვებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გასცეს პასუხი.

საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაცონალური მოძრაობის წევრის მარინა დათუკიშვილის თქმით, დავით ნარმანია ვალდებულია, რომ პასუხი გასცეს მოსახლეობის კითხვებს, რომლებიც ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით არსებობს.

"ვფიქრობთ, რომ კონსულტაციები ვაწარმოოთ ჩვენს კოლეგებთან სხვადასხვა ფრაქციიდან და მოვითხოვოთ რიგგარეშე სხდომა. მოვითხოვთ აგრეთვე, რომ ნარმანია გამობრძანდეს იმ კაბინეტიდან, რომელშიც 2 კვირის განმავლობაში იმალება და თბილისელებს, ქართულ საზოგადოებას, საკრებულოს წევრებს აგვიხსნას, რატომ მიიღო ოლიგარქის სასარგებლოდ ასეთი მონური გადაწყვეტილება", - აღნიშნა მარინა დათუკიშვილმა.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია გაერთიანებული დემოკატიული მოძრაობის თავმჯდომარე ზაზა ვეკუა კი იმედს გამოთქვამს, რომ დავით ნარმანია საკრებულოში გამოცხადდება და საკრებულო მას უნდობლობას გამოუცხადებს.

"ბატონი ნარმანიას დედაქალაქის მერად წარდგენა ემსახურებოდა იმას, რომ ის არასდროს იქნებოდა არჩეული მერი, არამედ იქნებოდა დანიშნული მერი. ბატონ ნარმანიას ნამდვილად გამოუცხადა უკვე დედაქალაქმა უნდობლობა, ახლა ჯერი საკრებულოზეა და მიმაჩნია, რომ ბატონი ნარმანია უნდა გამოცხადდეს დედაქალაქის საკრებულოში და იმედი მაქვს, რომ დედაქალაქის საკრებულო ნამდვილად გამოუცხადებს მას უნდობლობას", - ამბობს ზაზა ვეკუა.

კომენტარები