ფარული მოსმენები

ეს შენ გეხება მოსმენებთან დაკავშირებით დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნას ითხოვს

კამპანიამ "ეს შენ გეხება" ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა დეპუტატებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს გააცნო. კამპანიაში შემავალი არასამთავრობოები ერთგასაღებიანი სისტემის შექმნას მოითხოვენ.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს საპარლამენტო მდივანი ლიკა საჯაია ამბობს, რომ მოსმენების რეგულირებისთვის უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი სააგენტო, რომელიც მხოლოდ სასამართლო ნებართვის შემდეგ გადასცემს შსს-ს ჩანაწერებს.

"ე.წ. მოსმენების რეგულირებისთვის შევიმუშავეთ საკანონმდებლო პაკეტი, სადაც ვქმნით დამოუკიდებელ სააგენტოს, რომელსაც არ ექნება საგამოძიებო ფუნქცია, რომელიც არ იქნება დაინტერესებული მოსმენების შედეგით და ის განახორციელებს მხოლოდ ტექნიკურ უზრუნველყოფას, მას ექნება წვდომა კომუნიკაციების შინაარსთან, მოახდენს სააგენტო ჩაწერას და მხოლოდ სასამართლოს ნებართვის შემდეგ გადასცემს უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს", - ამბობს საჯაია.

"ეს შენ გეხება" ასევე მოითხოვს, შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც კონკრეტულად დაინტერესდება სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულით.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, შეუძლებელია, სისტემამ გამოიძიოს მისივე წარმომადგენლის მხრიდან ჩადენილი დანაშაული და კითხვები არ გაჩნდეს გამოძიების დამოუკიდებლობასთან მიმართებით.

"შეუძლებელია, სისტემამ გამოიძიოს მისი წარმომადგენლის მხრიდან ჩადენილი დანაშაული და ამ გამოძიებასთან დაკავშირებით არ გაჩნდეს ბუნებრივად კითხვები მისი მიკერძოებასა და დამოუკიდებლობასთან მიმართებით. მეორე და უფრო მნიშვნელოვანი არგუმენტი არის ის პრაქტიკა, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა. სამწუხაროდ, არცერთ საქმეში, რომელიც არის გახმაურებული და საზოგადოებისთვის მაღალი ინტერესის მქონე, სადაც ჩნდება ეჭვები, რომ სწორედ სამართალდამცველი ორგანოს წარმომადგენლები იყვნენ ჩართული დანაშაულებრივ ქმდებაში, არ მახსენდება, რომ გამოძიება ყოფილიყო დროული", - ამბობს ნაცვლიშვილი.

კომენტარები