ვიზალიბერალიზაცია

EPP: უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე პოლიტიკური პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ

en.wikipedia.org

საქართველოში უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე პოლიტიკური პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ - ეს განცხადება ევროპის სახალხო პარტიის წევრმა საირუშ ვოლსკიმ ბრიუსელში გააკეთა.

საირუშ ვოლსკის თქმით, სანამ საქართველო უვიზო რეჟიმს მიიღებს, მთავრობამ ასევე უნდა შეწყვიტოს თავისუფალ მედიასა და საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლა.

"ქართველი ხალხი იმსახურებს უვიზო რეჟიმს, მაგრამ საქართველო კვლავ არღვევს დემოკრატიულ სტანდარტებს. საქართველოშო უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე მთავრობამ უნდა გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, შეწყვიტოს თავისუფალ მედიაზე ზეწოლა (განსაკუთრებით ეს ეხება რუსთავი 2-ს) და ასევე შეწყვიტოს საკონსტიტუციო სასამართლოს შევიწროება", - განაცხადა ევროპის სახალხო პარტიის წევრმა საირუშ ვოლსკიმ. 

ევროპის სახალხო პარტიის წევრის, იარომირ შტეტინას თქმით, ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებამდე უნდა გაითვალისწინონ, რამდენად აკმაყოფილებს საქართველო ევროპულ დემოკრატიულ სტანდარტებს.

"ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებამდე უნდა გაითვალისწინონ, აკმაყოფილებს თუ არა საქართველო ევროპულ დემოკრატიულ სტანდარტებს. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში არ უნდა იყოს შერჩევითი სამართალი, არ უნდა იყვნენ პოლიტიკური პატიმრები, უნდა მოხდეს თავისუფალი მედიის სტანდარტებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის იმპლემენტირება (მათ შორის ეს ეხება საკონსტიტუციო სასამართლოსთან), ასევე იმედია, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება. საქართველოში წინა მთავრობის საკმაოდ ბევრი წარმომადგენელი ახლა ციხეშია. ყოფილი პოლიტიკური სტრუქტურების კრიმინალიზაცია ევროპაში მიღებული არ არის", - განაცხადა ევროპის სახალხო პარტიის წევრმა იარომირ შტეტინამ ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოციაციის კომიტეტის შეხვედრის შემდეგ.

 

კომენტარები