მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ლატვიის რესპუბლიკის მოქალაქეები - ვლადისლავს ბორისოვსი, ევგენის კალნმალისი და საქართველოს მოქალაქე დავით გაგნიძე დააკავეს. პროკურატურის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებული ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ ფულად თანხებს.
"ამ მიზნით მათ შეიმუშავეს და განახორციელეს თაღლითური გეგმა, რომლის თანახმადაც, საქართველოში დაარეგისტრირეს კომპანია სახელწოდებით „ჯორჯიაფრუტი 16" და საქართველოში მოქმედ რამდენიმე კომერციულ ბანკში გახსნეს საბანკო ანგარიშები, რეალურად კი, საწარმოს შექმნა და საბანკო ანგარიშების გახსნა განხორციელდა ფიქტიურად და მიზნად ისახავდა დიდი ოდენობით სხვისი კუთვნილი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლებას. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ აშშ-ში მოქმედი ერთ-ერთი კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის შედეგად, 2016 წლის 20 აპრილს ფიქტიური კომპანიის - შპს „ჯორჯიაფრუტი 16"-ის საბანკო ანგარიშზე მოტყუებით გადმოირიცხა 449 994 აშშ დოლარი.
იმავე დღეს, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ვლადისლავს ბორისოვსმა, ევგენის კალნმალისმა და დავით გაგნიძემ საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი კომერციული ბანკიდან გამოიტანეს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 440 000 აშშ დოლარი, რა დროსაც ისინი დააკავეს. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, გამოძიებამ სრულად ამოიღო მითითებული თანხა", - აცხადებს მთავარი პროკურატურა.
ვლადისლავს ბორისოვსის, ევგენის კალნმალისს და დავით გაგნიძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და მე-3 ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.
სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებას პატიმრობა შეეფარდათ.





