სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტში ვახტანგ გომელაურის მისვლას კვლავ ითხოვს

ვახტანგ გომელაური
ტაბულა

ოპოზიცია პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მისვლას კვლავ ითხოვს. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ სუს-ის მუშაობასთან დაკავშირებით არაერთი კითხვა დაგროვდა, რასაც უწყების ხელმძღვანელმა პასუხები უნდა გასცეს. უმცირესობის წევრებს განსაკუთრებით უნივერსიტეტებში ე.წ ოდეერების არსებობის და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცლების საქმეზე მიმდინარე გამოძიების შედეგები აინტერესებთ. ოპოზიცია მმართველ გუნდს გომელაურის მოსმენისგან თავის შეგნებულად არიდებაში ადანაშაულებს, ვინაიდან მათი თქმით, ხელისუფლებას ოპონენტების კითხვებზე პასუხები არ აქვს.

ოპოზიციის ბრალდებებს არ ეთანხმებიან მმართველ გუნდში. ისინი ამბობენ, რომ გომელაურის მოსასმენად მზად არიან და ეს საკითხი უკვე დგას დღის წესრიგში. მათივე თქმით, ოპონენტების მიერ ამ საკითხზე აპელირება პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირდება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ანგარიშის წარსადგენად პარლამენტში 30 მარტს იმყოფებოდა, თუმცა კვორუმის არარსებობის გამო მისი მოსმენა გადაიდო. ჯერ-ჯერობით, კვლავ უცნობია, თუ როდის წარუდგენს ვახტანგ გომელაური დეპუტატებს სუს-ის მუშაობის ანგარიშს.

კომენტარები