იუსტიციის უმაღლესი საბჭო

NGO-ები: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში არაერთი ხარვეზი გამოვლინდა

იუსტიციის უმაღლესი საბჭო
hcoj.gov.ge

დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ წარადგინეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის მეოთხე ანგარიში, რომელშიც შეფასებულია საბჭოს საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობა. ასევე, საბჭოს საქმიანობა მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის, გადაყვანის, საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობის, მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის და სხვა მიმართულებით.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საანგარიშო პერიოდში შერჩევა/დანიშვნის და გადაყვანის პროცესი არ იყო გამჭვირვალე და საბჭოში არ იყო პლურალისტური გარემო.

„საანგარიშო პერიოდში საბჭოს საქმიანობაში გამოვლინდა არაერთი ხარვეზი: მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის და გადაყვანის პროცესი არ იყო გამჭვირვალე, წარმოშობდა ეჭვებს აღნიშნულ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების ობიექტურობისა და ნეიტრალურობის თვალსაზრისით; საბჭოში აღარ იყო ისეთი პლურალისტური გარემო, როგორიც წინა საანგარიშო პერიოდში; მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების სისტემა კვლავ არაეფექტურობით ხასიათდებოდა; არ იყო უზრუნველყოფილი გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლეების შეფასების პროცესის მინიმალური გამჭვირვალობა", - ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიშში პოზიტიურადაა შეფასებული ის, რომ საბჭომ ყველა შემთხვევაში უზრუნველყო დღის წესრიგის წინასწარ გამოქვეყნება, განსხვავებით წინა საანგარიშო წლებისგან.

„ამასთან, ორ შემთხვევაში საბჭოს ვებგვერდზე განთავსდა სხდომაზე განსახილველი დოკუმენტები. პოზიტიური ტენდენცია დაფიქსირდა გადაწყვეტილებების გამოქვეყნების თვალსაზრისითაც - წინა წლებისგან განსხვავებით, მათი გამოქვეყნება მიმდინარე საანგარიშო პერიოდში შედარებით დროულად მოხდა. დადებითად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ საბჭო ან საბჭოს წევრთა ნაწილი, ცალკეულ შემთხვევებში, ცდილობდნენ, საჯარო განცხადებების მეშვეობით განემარტათ მიღებული გადაწყვეტილებები. თუმცა, მართებული იქნება, თუკი საბჭო უზრუნველყოფს თავად გადაწყვეტილების დასაბუთებას და საჯარო განცხადებით არ შეეცდება, უკვე მიღებული გადაწყვეტილების განმარტებას. საჯარო განცხადებებით რეაგირება შეიძლება ემსახურებოდეს სასამართლოს რეპუტაციის დაცვას და არა - საბჭოს გადაწყვეტილებების დასაბუთებას", - აღნიშნულია NGO-ების ანგარიშში.

განცხადებაში წერია, რომ მნიშვნელოვანი ხარვეზები, რომლებიც საბჭოს საქმიანობაში დაფიქსირდა, გამოწვეული იყო როგორც არასათანადო, ბუნდოვანი საკანონმდებლო მოწესრიგებით, ისე საბჭოს მიერ კარგი პრაქტიკის დაუდგენლობით.

"კანონი კვლავ არ აკისრებს საბჭოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილებები, რაც შესაძლებელს გახდიდა მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის, გადაყვანის, დისციპლინურ პროცესთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ობიექტურობის, სამართლიანობის და მიუკერძოებლობის შეფასებას. მოსამართლის შერჩევა/დანიშვნის კრიტერიუმები და პროცედურა არ არის კანონით დადგენილი, რაც საბჭოს ანიჭებს განუსაზღვრელ დისკრეციას, დაადგინოს, ცვლილებები შეიტანოს და დაიცვას მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის პროცედურა, რაც, თავის მხრივ, დისკრეციული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფართო შესაძლებლობას იძლევა. საანგარიშო პერიოდში მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის პროცესი წარიმართა გაუმჭვირვალედ. მართალია, გასაუბრებები მოსამართლეობის კანდიდატებთან ჩატარდა საბჭოს ღია სხდომაზე, მაგრამ არ იყო უზრუნველყოფილი გასაუბრების თანაბარი პროცესი. აღნიშნულმა წარმოშვა კითხვები მოსამართლეობის კანდიდატების მიმართ საბჭოს წევრების ობიექტურობასთან დაკავშირებით", - აღნიშნულია ანგარიშში.

როგორც არასამთავრობოების მონიტორინგის შედეგებში წერია, საბჭოს მიერ მოსამართლეთა გადაყვანა ხდებოდა გაუმჭვირვალედ, მოსამართლის შეუცვლელობის პრინციპის სათანადო პატივისცემის გარეშე. ასევე აღნიშნულია, რომ ორგანული კანონი, რომელიც არეგულირებს მოსამართლის გადაყვანას, არის ბუნდოვანი. მაგალითად, ანგარიშის თანახმად, 2011-2015 წლებში მოსამართლეთა დაახლოებით ნახევრის მიმართ გამოყენებული იყო კონკურსის გარეშე სხვადასხვა სასამართლოში გადაყვანის მექანიზმი.

„საანგარიშო პერიოდში საბჭომ მხოლოდ ერთი მოსამართლის მიმართ მიიღო გადაწყვეტილება დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. სტატისტიკური ინფორმაცია ადასტურებს მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების მექანიზმის არაეფექტურობას. ამ პერიოდში საბჭოში ინტერესთა კონფლიქტის პრობლემა რამდენჯერმე გამოვლინდა, თუმცა, საბჭომ ვერცერთ შემთხვევაში ვერ უზრუნველყო არსებული ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც არასამთავრობოების ანგარიშშია აღნიშნული, კვლავ პრობლემას წარმოადგენს მედიის მიერ საბჭოს სხდომების გაშუქების საკითხი, რადგან საბჭო ზღუდავს მედიის მიერ სხდომების სრულად გაშუქებას.

„მიუხედავად იმისა, რომ კანონით გარანტირებულია კოლეგიური ორგანოს სხდომების ღიაობა, საბჭოს დადგენილი აქვს განსხვავებული წესი, რომელიც უფლებას აძლევს მედიას, გადაიღოს სხდომის მხოლოდ გახსნითი ნაწილი. საბჭოს სხდომების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გამოქვეყნება პრობლემას წარმოადგენდა მონიტორინგის მთელი პერიოდის განმავლობაში. საბჭომ მხოლოდ ორ შემთხვევაში გამოაქვეყნა ინფორმაცია დაგეგმილი სხდომის შესახებ კანონით დადგენილ ვადაში", - ნათქვამია საია-ს და TI-ის ანგარიშში და აღნიშნულია, რომ საბჭოს მონიტორინგს კვლავაც გააგრძელებენ.

კომენტარები