საზოგადოებრივი მაუწყებელი

გირჩმა ახალ წევრებად საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანები წარადგინა

ახალი პოლიტიკური ცენტრის - გირჩის თავმჯდომარემ ზურაბ ჯაფარიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის სომხური და აზერბაიჯანული საინფორმაციო გამოშვების წამყვანები - არაზ მაშოვი და ედგარ ბარსაღიანი პარტიის წევრებად წარადგინა. არის თუ არა ინტერესთა კონფლიქტი, ამას მაუწყებლის დისციპლინური კომისია შეისწავლის.

"ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ახალი პოლიტიკური ცენტრი არ იყოს მხოლოდ ახალი ადამიანების გაერთიანება, არამედ ასახავდეს იმ მრავალფეროვნებას, რომლითაც მდიდარია ჩვენი ქვეყანა, ამიტომ მე დღეს წარმოგიდგენთ ჩვენს ორ ახალ წევრს - არაზ მაშოვი და ედგარ ბარსაღიანი. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც 12 წელია, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიდან სომხურ და აზერბაიჯანულ ენაზე მიმდინარე ახალ ამბებს აცნობენ ჩვენს სომეხ და აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს. მათ ზუსტად იციან ამ ეთნიკური ჯგუფების პრობლემები, მათი ყოველდღიური წუხილები. ჩვენთვის ეს არის მნიშვნელოვანი შენამატი" - თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად, "დაუშვებელია პოლიტიკური თანამდებობის პირის ან პოლიტიკური პარტიის წევრის მონაწილეობა ახალი ამბების ან საინფორმაციო პროგრამებში წამყვანის, ინტერვიუერის ან ჟურნალისტის სახით".

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ხელმძღვანელმა უკვე მიმართა მოხსენებითი ბარათით საზოგადოებრივი მაუწყებლის დისციპლინურ კომისიას, რომელმაც გადაწყვეტილება განხილვის შემდეგ უნდა მიიღოს. როგორც გიორგი გვიმრაძემ მედიაჩექერს უთხრა, თუ დადასტურდება, რომ არაზ მაშოვი და ედგარ ბარსაღიანი პოლიტიკური პარტიის წევრები არიან, მათ დიდი ალბათობით, სამსახურის დატოვება მოუწევთ. 

კომენტარები