ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სხდომაზე საქართველოს შესახებ ისაუბრეს. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა კონგრესმენი სტივ რასელი, რომელიც 21 წლის განმავლობაში ამერიკის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. მან საქართველოზე ვრცლად ისაუბრა. რასელმა მომავალ არჩევნებზე გაამახვილა ყურადღება და საქართველოს ისტორია გაიხსენა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი რუსეთის მარიონეტია და საქართველოს პრორუსული ხელისუფლება ჰყავს, რომელიც მომავალი არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენას შეეცდება. სტივ რასელი ივანიშვილისა და სხვა პირებისთვის აშშ-ში აქტივების გაყინვის ინიციატივით გამოდის. ასევე მოუწოდებს ამერიკის პრეზიდენტს, კარგად დააკვირდეს ოქტომბრის არჩევნებს. ის ასევე მიმართავს დასავლელ ჟურნალისტებს, არჩევნებამდე დარჩენილ თვეებს დააკვირდნენ, გამოიძიონ და გააშუქონ მიმდინარე მოვლენები საქართველოში.
ტაბულა სტივ რასელის გამოსვლას სრულად გთავაზობთ:
"ამ წლის ოქტომბერში საქართველოში არჩევნები გაიმართება. მმართველების არჩევაზე მეტად, არჩევნები განსაზღვრავს, საქართველო დარჩება ნახევრად თავისუფალ ქვეყნად, რომელიც გააგრძელებს თვითგამორკვევას, თუ დანებდება კორუფციას, რუსი ოლიგარქების გავლენასა და რუსეთის დომინაციას.
საქართველოს ბოროტი და მჩაგვრელი მეზობელი ტირანებისგან, კორუმპირებული მაღალჩინოსნებისგან საკუთარი იდენტობის დაცვისთვის ბრძოლის დიდი ისტორია აქვს. მცირერიცხოვან, მაგრამ მნიშვნელოვან ერს განსხვავებული ენა აქვს, საქართველოს ტერიტორია მნიშვნელოვანი ხიდია აღმოსავლეთ ევროპასა და დასავლეთ აზიას შორის, ის შავ ზღვასთან მდებარეობს. მისი მეზობელი სომხეთისგან განსხვავებით, ისტორიის დიდი ნაწილის განმავლობაში, მეზობლებისგან საკუთარი თავის გადარჩენისთვის იბრძოდა, რომელზე ბატონობაც ძალადობრივად რუსეთს, თურქეთს ან სპარსეთს სურდა.
1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მისი ბრძოლა მარტივი არ ყოფილა. საქართველოში სამოქალაქო არეულობა იყო რამდენიმე წლის მანძილზე, რათა დაეცვა საკუთარი დამოუკიდებლობა. საქართველომ ნახა თავისი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, რომელიც შემდეგ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ლიდერებმა განდევნეს, როგორიც იყო ედუარდ შევარდნაძე. არჩეული ხელისუფლების აღდგენის მცდელობების შემდეგ, ზვიად გამსახურდია გარდაიცვალა ამ დროისთვის ჯერ კიდევ გაურკვეველ ვითარებაში.
რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალებისა და პოლიტიკური ლიდერების დომინაციის შემდეგ, საქართველო ისწრაფვის დიდი რეფორმებისკენ - იბრძოდა დიდი რეფორმებისკენ 2003 წლის ვარდების რევოლუციის დროს, საბოლოოდ დაარღვია ჯაჭვები და საკუთარი თვითგამორკვევის გზას დაადგა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ მხარი დაუჭირეს მის ძალისხმევას და საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს ხალხის ხმების ლეგიტიმურობა. შევარდნაძის ხელისუფლება ცდილობდა, არჩევნების ნამდვილი შედეგები დაემალა, მაგრამ ქართველ ხალხს სხვა გეგმა ჰქონდა და შევარდნაძე მშვიდობიანად დანებდა ხალხის ნებას, როდესაც პარლამენტის შენობაში ადამიანები ვარდებით შეიჭრნენ. ეს იყო თავისუფლების ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი ეპიზოდი მსოფლიო ისტორიაში.
აქედან მოყოლებული, საქართველოს თვითგამორკვევის პერიოდი დაიწყო - დასავლეთის ჩართულობის, ადამიანის უფლებების დაცვისა და ვაჭრობის გაუმჯობესების. თუმცა, ეს არ იყო "ფასის" გარეშე. მოსკოვის მიერ წახალისებულმა სეპარატისტებმა საქართველოს რეგიონებში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში არეულობა შექმნეს. რუსეთმა ეს გამოიყენა საბაბად, თავს დასხმოდა საქართველოს და მისი ტერიტორიები ახლაც ოკუპირებული აქვს. მან დაგმო ადრეული შეთანხმებები საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე რუსული ბაზების დახურვის შესახებ. საქართველოს დროულად არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჩამორჩენილი ქვეყანა აქცია გაუმჯობესებული ფინანსური სტრუქტურის ქვეყნად ეკონომიკის მნიშვნელოვანი ზრდითა და უცხოური ინვესტიციებით.
საქართველოს ყველა ბრძოლის და თვითგამორკვევის მიუხედავად, მისი მეზობლები მაინც ცდილობენ, საქართველო თავიანთი სურვილების მორჩილად აქციონ. რუსეთი მწვავედ აღიქვამს თავისუფალი ერებისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოების არსებობას, რომლებზეც ერთ დროს, საბჭოთა კავშირის პერიოდში ბატონობდა, რომლებიც საკუთარ ენას, კულტურას, ისტორიას და თავისუფლების აღდგენის გზას ირჩევენ. რუსეთმა, თავის მხრივ, ყველაფერი სცადა საკუთარი ძალის ფარგლებში, რათა ეიძულებინა ეს ერები "ყმის" სტატუსს დაბრუნებოდნენ, იქნებოდა ეს უკრაინა, ბალტიის ქვეყნები თუ საქართველო - სურათი ერთია.
რუსეთის თამაში იწყება მოსკოვის ერთგული ოლიგარქების მიერ ოპოზიციური ჯგუფების გამოკვებით, სეპარატისტები ეთნიკურად რუს ხალხთან მიდიან და ამ ტერიტორიებზე მათი უფლებების დაცვას მოითხოვენ. რუსეთი შემდგომ ეხმარება მათ, რომ შექმნან ძალადობა, რაც ადგილობრივ, პოლიტიკურ და ძალოვან სტრუქტურებს მოარყევს და მოსახლეობას სურვილს გაუჩენს, რომ წესრიგის ფასად წარსულ ცუდ დღეებს შეეგუონ. შემდეგ, ეროვნული პოლიტიკური პარტიები ოლიგარქის ფულს და ძალაუფლებას ესწრაფვიან და ლეგიტიმური პარლამენტი პრომოსკოვური ხელისუფლებით იმართება, რაც არაფრით განსხვავდება მოსკოვისგან მართული ძველი სოციალისტური სტრუქტურისგან.
არც საქართველოში მომხდარა სხვანაირად. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო დამპყრობლებს სულ ებრძოდა და ჯაჭვების გაწყვეტას ცდილობდა ადრეულ 1800-იანებში, 1918 წელს ან 1991-ში, რუსეთი რატომღაც თვლის, რომ მისი უფლებაა, უმკურნალოს ქართველებს და აქციოს ქვეკლასის ადამიანებად, რომლებიც იმიტომ არსებობენ, რომ მოსკოვის ინტერესებს ემსახურონ და მისი ტერიტორიები მხოლოდ უნდა იყოს სატრანზიტო გზა რუსეთის ინტერესებისკენ. 2003 წელს რუსული ჯაჭვების წარმატებული მოშორების შემდეგ, რუსეთმა განაგრძო საქართველოს პოლიტიკური სისტემის დაშინება, მოაწყო არეულობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, შეიჭრა საქართველოში და დაარღვია შეთანხმება რუსული შეიარაღებული ძალების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანის შესახებ.
საოცარია, ამ ყველაფრის შემდეგ, საქართველო მაინც დარჩა ურყევი. ამიტომაც, კლასიკურად, რუსეთმა პოლიტიკური პროცესის ინფილტრაცია დაიწყო იმ იმედით, რომ შექმნიდა პრომოსკოვურ ხელისუფლებას საქართველოს დედაქალაქში. ლიდერი ბიძინა ივანიშვილია, ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირე. მისი მიზანია ხმების გაყალბება, როგორც 2003 წელს ცდილობდნენ, ხმები იყიდონ, დასაჯონ პოლიტიკური ოპონენტები, გამოიყენონ საქართველოს პოლიტიკური რესურსები, მაგალითად, საქართველოს შეიარაღებული ძალები. საარჩევნო კომისიების სრული პრივატიზაციის შემდგომ, ქართველი ხალხი აწყდება საგანგაშო პერსპექტივას თავისუფალი არჩევნების კუთხით ამ წლის ოქტომბერში. ქართველი ხალხი მსოფლიოს მხარდაჭერისთვის შეჰყურებს.
რაღაცნაირად ჯდება - ამ შაბათს წმინდა გიორგის დღეს აღნიშნავს მსოფლიო. ზოგიერთი ლეგენდის მიხედვით, სწორედ ამიტომ ჰქვია ქვეყანას Georgia. ქართველებს პოლიტიკური დრაკონის დამარცხება სურთ და საკუთარი თავისუფლების დაცვა. მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ. ჩვენ შეგვიძლია, მათ თხოვნაზე უარი ვთქვათ. ამერიკელების დიდმა ნაწილმა არც კი იცის, საქართველო სად არის რუკაზე. ან შეგვიძლია, მივცეთ მეგაფონი, რათა საკუთარი მესიჯი იყვირონ. მესიჯი ისაა, რომ თავისუფლება სურთ.
მარტივი ნაბიჯები შეგვიძლია, გადავდგათ ამ ქვეყანაში. მოვუწოდოთ ამერიკის პრეზიდენტს, კარგად დააკვირდეს შემოდგომის არჩევნებს საქართველოში. მოვუწოდოთ საქართველოს საარჩევნო კომისიებს, აღადგინონ წარმომადგენლობითი წევრობა, რათა შევებრძოლოთ მათ მოსყიდვას მოსკოვისა და მისი მარიონეტის, ბიძინა ივანიშვილის მიერ. მოვუწოდოთ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროსა და დასავლურ ბანკებს, გაყინონ ივანიშვილის აქტივები მისი დარღვევების გამო, როგორიცაა იარაღით უკანონო ვაჭრობა. მოვუწოდებთ სახელმწიფო დეპარტამენტს, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც არჩევნების გაყალბებას შეეცდებიან, გაუუქმონ ვიზები და გაუყინონ აქტივები. ასევე მოვუწოდებთ დასავლელ ჟურნალისტებს, გააშუქონ და გამოიძიონ საქართველოში მიმდინარე მოვლენები ამ თვეების განმავლობაში.
საბოლოოდ, ჩვენ მოვუწოდებთ საკუთარი არჩევანით თავისუფალ და ურყევ ქართველ ხალხს, წმინდა გიორგის სულისკვეთებით იყვნენ. თავი ასწიონ და შეებრძოლონ დრაკონს. თქვენ ადრეც გაშინებდნენ. თქვენი ძალისხმევით, როგორიც 2003 წელს გქონდათ, შეგიძლიათ, აჩვენოთ მსოფლიოს, რომ თქვენ არ დანებდებით კორუფციას და დაშინებას", - თქვა რასელმა.