ავტომობილი

Mitsubishi-მ საწვავის მოხმარების გაყალბების გამო $1.2 მილიარდი დაკარგა

2016 წლის Mitsubishi Outlander
Mitsubishi

Mitsubishi Motors-ის პრეზიდენტმა ტეტსურო აიაკავამ 20 აპრილს გამართულ ბრიფინგზე აღიარა, რომ კომპანიამ იაპონიაში გაყიდული 615 ათასი ავტომობილის საწვავის მოხმარების შესახებ ინფორმაცია განზრახ დაამახინჯა და მომხმარებლებს აღნიშნული მანქანების რეალური საწვავის მოხმარების თაობაზე ინფორმაცია დაუმალა. ტეტსურო აიკავას განცხადება კომპანიის ღირებულებაზე რამდენიმე საათში აისახა, რის შედეგადაც Mitsubishi Motors-მა საკუთარი ქონების 15% ანუ $1.2 მილიარდი დაკარგა.

საქმე მოდელ eK mini-wagon-ს ეხება, რომელიც იაპონური ბაზრისთვისაა განკუთვნილი. ტესტირებებით გაირკვა, რომ აღნიშნული მოდელი სხვადასხვა გარემოში საწვავის ოფიციალურ მოხმარებასთან შედარებით მინიმუმ 10%-ით უფრო მეტ საწვავს მოიხმარს. Mitsubishi Motors ამ მოდელის მზა ნაწილებს კომპანია Nissan Motors-საც აწვდიდა, რომელიც ამ ავტომობილის ბაზაზე მოდელ Nissan Dayz-ს ამზადებდა. საწვავის ეკონომიის შესახებ დარღვევები ორივე მოდელში აღმოჩნდა.

"ჩვენ გვინდა უღრმესი მწუხარება გამოვხატოთ მომხდარის შესახებ, ახლა ამ პრობლემის უმოკლეს დროში აღმოფხვრაზე ვმუშაობთ და ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება", - ამბობს ტეტსურო აიაკავა. კომპანია მზადაა, უფრო სიღრმისეულად შეამოწმოს საკუთარი ავტომობილების საწვავის მოხმარების მაჩვენებლები და მსგავსი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შეცდომები გაასწოროს ამბობს კომპანიის პრეზიდენტი.

Mitsubishi-ის პრეზიდენტი ტეტსურო აიკავა ბოდიშს იხდის

იაპონიის ტრანსპორტის სამინისტრომ კომპანიისთვის სანქციების დაწესებაზე 2016 წლის 19 მაისამდე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. მსგავსი დარღვევისთვის აშშ-სა და კორეაში მრავალმილიონიანი ჯარიმები 2014 წელს დაეკისრათ Hyundai-სა და Kia-ს, მაშინ კომპანიებს$400-მილიონიანი ჯარიმის გადახდა მოუწიათ.

გაცილებით მასშტაბური იქნება ჯარიმა, რომელიც გამონაბოლქვის შესახებ ინფორმაციის დამალვისთვის შესაძლოა Volkswagen-ს დაეკისროს.

კომენტარები