ავტომობილი

ინტერაქტიული ფანჯრები მომავლის ავტომობილებისათვის

ჯენერალ მოტორსის ინჟინრებმა და ბეზალელის აკადემიის სტუდენტებმა ქალაქ იერუსალიმიდან ერთობ საჭირბოროტო პრობლემის მოგვარება გადაწყვიტეს. პრობლემა კი მოწყენილობაა, რომელიც ავტომობილის უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს ეუფლებათ ხოლმე ხანგრძლივი მგზავრობის დროს. ხშირად ეს უკანასკნელნი ბავშვები არიან და თუ როგორ ძნელია ბავშვის გართობა შეზღუდულ სივრცეში, ეს ყველას მოეხსენება. თუმცა სტუდენტები სირთულეებს არ შეუშინდნენ და პროექტზე მუშაობა დაიწყეს.

პრობლემის გადასაჭრელად ჯენერალ მოტორსის ინჟინრებმა მაღალ ტექნოლოგიებს მოუხმეს და ავტომობილის უკანა ფანჯრების მაგივრად, გამჭვირვალე თხევად-კრისტალური მონიტორების დაყენება გადაწყვიტეს. მგრძნობიარე ეკრანები კრეატიული მოქმედების ფართო დიაპაზონს იძლევა. კრეატივის იმპორტს ისინი ისრაელიდან აპირებენ, სადაც რამდენიმე ათეული სტუდენტი ავტომობილის უკანა ფანჯრების პროგრამული უზრუნველყოფის კონცეფციაზე მუშაობს.

პროექტის სახელწოდებაა Windows of Opportunity (შესაძლებლობის ფანჯრები) და მის ფარგლებში უკვე რამდენიმე ათეული აპლიკაციაა შექმნილი. მათ შორის ყველაზე მარტივის იდეა დიზაინერებს ბავშვებმა უკარნახეს, რომლებიც სუსხიან ამინდში ავტომობილის ფანჯრის დაორთქლილ მინებზე სხვადასხვა ფიგურებს ხატავენ ხოლმე. აპლიკაცია უკიდურესად მარტივია, ის სწორად ამ დაორთქლილი ფანჯრის იმიტაციას ახდენს და ყველანაირ ამინდში ბავშვებს შემოქმედებითი უნარების გამოვლენისაკენ უბიძგებს.

ბეზალელის სტუდენტებმა ასევე მხიარული პერსონაჟი შექმნეს, სახელად „Otto”, რომელიც ავტომობილის მოძრაობის რიტმს უბამს მხარს და მისი მოძრაობები მთელ მარშრუტს იმეორებს. ხან მხიარულად კოტრიალობს, ხან ზუზუნ-ზუზუნით მიჰყვება ქარს, დროდადრო მგზავრებისკენ იყურება და მხიარულად უღიმის. ამასთან, თუკი თითს წაკრავთ, ან რაიმე წინაღობას დაუხატავთ, ის ინტერაქტიულ რეჟიმში იცვლის ხასიათს, მოძრაობის მიმართულებას და ასე ურთიერთობს პატარა მგზავრებთან. მისი ყოველი ქმედება გამოწვევაა, გათამაშების მცდელობა არც დიდს ტოვებს გულგრილს და არც პატარას.

გარდა იმ პროგრამული უზრუნველყოფისა, რომელიც მომხმარებლისგან მხოლოდ ინტერაქციას მოითხოვს, პროექტის ფარგლებში ისეთი აპლიკაციებიც შეიქმნა, რომლებიც გარე სამყაროსთან ქსელურ კავშირს საჭიროებს. ერთ-ერთი ასეთი აპლიკაციაა Spindow, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია Twitter-ის მესიჯების გაგზავნა, სხვა ავტომობილის მგზავრებთან ურთიერთობა და ა.შ. ერთი სიტყვით, Spindow-ს საშუალებით ავტომობილის უკანა სავარძელში მსხდომთა გართობა გარანტირებულია, გვარწმუნებენ აპლიკაციის შემქმნელები.

Spindow-ს მთავარი ღირსება ის არის, რომ ინტერაქტიულ რუკაზე შესაძლებელია ყველა იმ მომხმარებლის მოძებნა, რომლებიც ამავე აპლიკაციას იყენებენ. მათთან დაკავშირებით კი იმ გამოსახულების დაყენება შეიძლება ფანჯრის ფონად, რასაც ისინი ხედავენ. ასე მაგალითად, Youtube-ში შეგიძლიათ დააკვირდეთ ერთი მშვენიერი იაპონელი ქალბატონის მგზავრობის პროცესს, როდესაც ის ტოკიოს ქუჩებში იმყოფება, თუმცა მალევე სწყინდება ტოკიოს გარეუბნის ყურება, უკავშირდება ნიუ იორკში მჯდომ მგზავრს და შემდეგ ფანჯრიდან ნიუ იორკის ღამის ცხოვრებას აკვირდება, მერე ახალი ზელანდიის სანაპიროთი იჯერებს გულს და ბოლოს საპოროს თოვლიანი ხედებით ტკბება.

ბეზალელის დიზაინისა და ხელოვნების აკადემიის სტუდენტებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ და იმის დემონსტრირებასაც არ მოერიდნენ, რომ კრეატიული საქმიანობისათვის საზღვრები არ არსებობს, არც დროში და არც სივრცეში. ჯენერალ მოტორსის ინჟინრები კი ინტერაქტიული ფანჯრების ექსპანსიას ამავე ათწლეულში ელიან, რაც, მათი აზრით, მგზავრობის პროცესს ახალ განზომილებას შემატებს.

 

კომენტარები