სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

სუს-ი: ექვსი პირი ბირთვული მასალა ურანის გასხვისებას 200 მლნ დოლარად აპირებდა

ტაბულა

სუს-მა ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები - სომხეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქე და საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელმა სავლე მოთიაშვილმა სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სუს-ის ინფორმაციით, ბრალდებულები თბილისში, ბირთვული მასალა ურანის (U 238) გასხვისებას 200 მილიონ აშშ დოლარად აპირებდნენ.

"ისინი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დააკავეს. დანაშაულში მონაწილე ერთ-ერთი პირის საცხოვრებელ ბინაში ამოღებულია ქარხნული წესით დამზადებული სატრანსპორტო კონტეინერი ბირთვული მასალა U 238 (ურანი 238)-ით. რადიოაქტიური (გამა) გამოსხივების დოზის სიმძლავრის და თვით წყაროს რაობის გათვალისწინებით, საქმეზე ჩატარებული რადიოლოგიური ქსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამოღებული ნივთიერება საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.

გამოძიება ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 16 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ ექვსივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ" - თქვა მოთიაშვილმა.

გამოძიებას აწარმოებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველო.

კომენტარები