პირადი კადრები

მოსმენების შესახებ კანონპროექტის განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს

თორნიკე ბარათაშვილი

პარლამენტში მოსმენების შესახებ კანონპროექტის განხილვას კამათი მოჰყვა. ერთმანეთს საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წევრები დაუპირისპირდნენ. უმცირესობა ამბობს, რომ ეს ცვლილებები კანონში ფასადურია და არანაირ მაკონტროლირებელ ფუნქციას არ იძენს. ქართული ოცნების მტკიცებით კი, კანონის გამკაცრება ხელს შეუწყობს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შეზღუდვას.

რეპუბლიკური პარტიის წევრის თამარ კორძაიას თქმით, "წინა ხელისუფლების დროს დაწყებული დანაშაული" დღევანდელი ხელისუფლების პირობებში იკრებს ძალებს.

"დღეს ჩვენ პირადი ცხოვრების ხელმყოფი კიბერდანაშაულების შემსწრე ვართ, რომლის სავარაუდო მასშტაბებზე და მიზანზე წარმოდგენაც კი არ გვაქვს. წინა ხელისუფლების პირობებში შექმნილი ინდივიდის გამანადგურებელი ინდუსტრია ჩვენ თვალწინ, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში იკრებს ძალებს", - აღნიშნა კორძაიამ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ჩიორა თაქთაქიშვილის თქმით, რესპუბლიკურ პარტიას არ უნდა დაავიწყდეს, რომ ამ დანაშაულების თანამონაწილეა.

"რესპუბლიკურ პარტიას არ უნდა დაავიწყდეს, რომ ისინი არიან თანამონაწილეები პირადი ცხოვრებით ადამიანების დაშანტაჟების, ადამიანების ტერორის და მორალური მკვლელობის, რომლის მომსწრე საქართველოში გავხდით ბოლო რამდენიმე კვირის, რამდენიმე თვის განმავლობაში. რესპუბლიკური პარტია ნამდვილად ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, რომელსაც დღეს ატარებს", - ამბობს თაქთაქიშვილი.

უმრავლესობის დეპუტატ გიორგი ვოლსკის განცხადებით კი, "არც მინდა დავუშვა, რომ ის ადამიანები, ვინც ძალიან ხმამაღლა გაჰკივიან ამ ტრიბუნიდან, შესაძლოა თვითონაც არიან ამ შანტაჟის მსხვერპლი".

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი აღნიშნავს, რომ ყველა პოლიტიკურ მოვლენაზე მთავრობის პასუხი ფარული კადრები იყო.

"იყო თუ არა ამ წლების განმავლობაში საერთოდ რამე პოლიტიკური მოვლენა, რომელზეც პასუხი არ ყოფილიყო რაღაც კადრები? ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ მოვიდა კადრებით, უნდოდა არჩევნებში გამარჯვება - მოვიდა კადრებით. სხვა ნებისმიერ შემთხვევაში ის აკეთებს ამას, სხვა ენა მან არ იცის. პური და სანახაობაა ნათქვამი და მარტო სანახაობას, ამ ბინძურ სანახაობას აჩვენებენ ქართველ ხალხს", - განაცხადა რატიანმა დღევანდელ სხდომაზე.

კომენტარები