არჩევნები 2016

პრემიერი არჩევნებზე განკარგულებას პრეზიდენტს შენიშვნებით უკან უგზავნის

გიორგი კვირიკაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არჩევნების თარიღთან დაკავშირებულ განკარგულებას პრეზიდენტს მოტივირებული შენიშვნებით უკან უგზავნის. ამის შესახებ კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თქვა.

"მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტთან კონსულტაციის შემდეგად ჩამოვყალიბდით 8 ოქტომბერზე, 8 ოქტომბერი გადაწყდა კონკრეტული მიზეზების გამო, იყო გარკვეული იურიდიული ხარვეზი, არ მოხდა ადმინისტრაციის მხრიდან დროული და კორექტული ინფორმაციის მიწოდება. ამიტომ ჩვენ დღეს ვაგზავნით მოტივირებულ შენიშვნებს, რათა წარმოდგენა პრეზიდენტის მხრიდან არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ მოხდეს ისეთ დროს, რათა გამოქვეყნება დაემთხვეს ჩვენი მხრიდან კონტრასიგნაციას.
რაც შეეხება თარიღს, ვინაიდან ამან გამოიწვია ასევე ფართო განსჯა და სამოქალაქო სექტორიდან და სხვადასხვა პარტიის მხრიდან გამოითქვა გარკვეული უკმაყოფილება ორი თვის ვადასთან დაკავშირებით, გვინდა ვთხოვოთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დოკუმენტი წარმოდგენილი იქნას ისეთ დროს, რათა გამოქვეყნებაც დაემთხვეს 8 ივლისს, რათა 3 თვე იქნას აღებული წინაასარჩევნო პერიოდის ვადად. მე მგონია, რომ ამ შემთხვევაში ყველანაირ გაუგებრობას და სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციებს თავიდან ავიცილებთ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ორი განკარგულება მომავალი არჩევნების დანიშვნის შესახებ კონტრასიგნაციისათვის საქართველოს პრემიერმინისტრს აპრილის დასაწყისში გადაეგზავნა. პრეზიდენტის განკარგულებების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტის ორივე განკარგულება ძალაში 8 აგვისტოს შევა. პრემიერმინისტრს პრეზიდენტის მიერ გადაგზავნილ განკარგულებაზე ხელის მოსაწერად 10-დღიანი ვადა ჰქონდა.

კანონით, საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ არჩევნების დანიშვნის შესახებ სამართლებრივ აქტის კონტრასიგნაციის შემთხვევაში, არჩევნები დანიშნულად ჩაითვლებოდა და წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) რეჟიმი აქტის გამოქვეყნებისთანავე ავტომატურად ამოქმედდებოდა.

კომენტარები