სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

სუს-ი: რომან დუმბაძის მკვლელობა მეგის ქარდავამ შეუკვეთა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, გენერალ-მაიორ რომან დუმბაძის მკვლელობა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა მეგის ქარდავამ შეუკვეთა. ქარდავას ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განზრახ ჯგუფურად მკვლელობის შეკვეთას გულისხმობს.

სუს-ის ვერსიით, "მეგის ქარდავა შუამავლის მეშვეობით რუსეთის ფედერაციაში, ქ. მოსკოვში მოქმედ კრიმინალურ დაჯგუფებას დაუკავშირდა და რომან დუმბაძის მკვლელობა შეუკვეთა".

"2012 წლის 21 მაისს, ქ. მოსკოვში ოთხკაციანმა ჯგუფმა გარკვეული თანხის სანაცვლოდ, მოკლა რომან დუმბაძე. ოთხივე პირი სასჯელს რუსეთის ფედერაციაში იხდის, ხოლო შუამავალი საქართველოში იქნა დაკავებული და იგი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. რომან დუმბაძე 2004 წლიდან სასჯელს იხდიდა საქართველოში სხვადასხვა მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის. 2008 წლის 27 აგვისტოს იგი შეიწყალა საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა" - აცხადებს სუს-ი და აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეს მინიჭებული აქვს საიდუმლოების გრიფი. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე საქმის დეტალები არ ხმაურდება.

მეგის ქარდავას სერგო თეთრაძის საქმეზე 9-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. 

კომენტარები