პირადი კადრები

პირადი ჩანაწერების დამზადებისთვის დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების დამზადებისთვის დაკავებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ამ გადაწყვეტილებით მოსამართლე ნატო სუჯაძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მოსამართლის განმარტებით,  არსებობს დაკავებულთა მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხე. ადვოკატები ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და  უკანონოს უწოდებენ.

„მტკიცებულებების თვალსაზრისით, ჩაიდინა თუ არა ეს დანაშაული ამ მხრივ ძალიან უჭირს ბრალდებას, არა მარტო ჩემი დაცვისქვეშ მყოფის მიმართ, არამედ ზოგადად ამ საქმეში. იქ კვალიფიკაციაზე გვაქვს კიდევ პრეტენზია დაცვას, იმიტომ რომ რეალურად ამინისტირებულ მუხლს ედავებიან ამ შემთხვევაში ბრალდებულებს. ვასილ ლელუშვილს ვისაც მე ვიცავ, სხვა საქმეზე სამი წელი და სამი თვეა დაახლოებით რაც, აღმკვეთის სახით შეფარდებული აქვს გირაო, ყოველ კვირა პროკურატურაში დადის, პასპორტი აქვს ჩაბარებულ. მოსამართლემ არ აიღო თავის თავზე ის წნეხი, რაც მოჰყვებოდა ამ შემთხვევაში მათ გათავისუფლებას.“- ამბობს ლელუაშვილის ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი.

ადვოკატები ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.

„რა თქმა უნდა გავასაჩივრებთ არა მარტო სააპელაციო სასამართლოში,  ჩვენ ვგეგმავთ გავასაჩივროთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სადაც  დადგინდება ნამდვილად რომ დღევანდელმა მოსამართლემ ფეხქვეშ გათელა ადამიანის ულებები და დაარღვია ყველაზე ფუნდამენტური უფლება თავისუფლების უფლება, მტკიცებულება არ არის, შესაბამისად არც ბრალია გამოტანის საფუძველია და არც აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საფუძველი. მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო დააკვალიფიცირეს უფლებამოსილების გადამეტებით, რომ ეს არის ამინისტირებული და სხვაგვარად ამ ადამიანებს ციხეში ვერ ამყოფებდნენ.“-ამბობს ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი.

საქართველოს პროკურატურამ 11 და 14 მარტს გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების დამზადებისთვის ხუთი პირი ორი დღის წინ დააკავა.

აღსანიშნავია, რომ 11 და 14 მარტის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ. ორი დღის წინ დაკავებულ პირებს პროკურატურა კადრების მოპოვებასა და შენახვას ედავება.

როგორც პროკურატურაში ამბობენ, უწყება აქტიურად განაგრძობს გამოძიებას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების მოპოვება-გავრცელების ფაქტზე.

 

კომენტარები