პირადი კადრები

ლელუაშვილის დაკავებამდე ჩაწერილი ვიდეო: გეგმავენ დანაშაულის დაბრალებას

ვასილ ლელუაშვილი
rustavi2.com

ტელეკომპანია რუსთავი 2-მა, კუდ-ის დირექტორის ყოფილი მოადგილის, დღეს დაკავებული ვასილ ლელუაშვილის ვიდეომიმართვა გაავრცელა. ლელუაშვილის მეუღლის ცნობით, რომელმაც რ2-ს აღნიშნული მასალა გადასცა, მიმართვა 3 აპრილს არის ჩაწერილი. 

"სანდო წყაროდან ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა აპირებს დამაბრალოს დანაშაული, რომელიც მე არ ჩამიდენია, კერძოდ პროკურატურა ჩემთვის აპირებს ჩამიდოს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, რომელიც მე არ მაქვს. ჩადება შეიძლება მოხდეს მეხსიერების ბარათით, შეიძლება CD დისკზე, შეიძლება კომპიუტერი წაიღონ და ჩაიწერონ, ან სულაც კომპიუტერში შეიძლება დისტანციურად ჩაწერონ ასეთი კადრები ასეთი ტექნიკური საშუალება შესაძლებელი არის.

აგრეთვე ცრუმოწმეების გამოყენებით პროკურატურა აპირებს თითქოსდა მე ეს მასალები მოვიპოვე. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ჩემთან არანაირი ინფორმაცია არ არსებობს, არასოდეს არაფერი არ გადამიღია და არც არაფერი შემინახია, მითუმეტეს არ გამივრცელებია", - ნათქვამია ვიდეომიმართვაში.

საქართველოს პროკურატურამ 11 და 14 მარტს გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების დამზადებისთვის ხუთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, ერთი პირის დაკავება ვერ მოხერხდა, ხოლო კიდევ ერთს - დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება. კადრების გავრცელების ფაქტზე კი, კვლავ არავინ არ არის დაკავებული.

"შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის და ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილი თანამშრომლები სასამართლოს განჩინების საფუძველზე იქნენ დაკავებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

საქართველოს პროკურატურა აქტიურად განაგრძობს გამოძიებას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების მოპოვება-გავრცელების ფაქტზე. გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება" - აცხადებს პროკურატურა.

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

კომენტარები