პირადი კადრები

რატიანი: სამი წელია, ვაჟა ლელუაშვილი ხელისუფლების პირადი მოკავშირეა

სერგო რატიანი
თეორემა/ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის სერგო რატიანის განცხადებით, დღეს დაკავებული კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ვაჟა ლელუაშვილი გარდაბნის 2016 წლის გამგებლის არჩევნებზე ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიას ატარებდა. რატიანმა TV პირველის ეთერში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების საქმეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაკავებული ვაჟა ლელუაშვილი "სამი წელია, ხელისუფლების პირადი მოკავშირეა".

"ვაჟა ლელუაშვილი ბოლო გარდაბნის გამგებლის არჩევნებში იყო შტაბის არაფორმალური უფროსი. რეალურად, მან ჩაატარა იქ საარჩევნო კამპანია. აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ ის პირველივე დღიდან გადაბარგდა ქართულ ოცნებაში, მან ჩაატარა საარჩევნო კამპანია. ეს კამპანია აღინიშნა იმით, რომ ჩვენს მხარდამჭერებს პირდაპირ დევნიდნენ, მე უშუალოდ ვხელმძღვანელობდი არჩევნებს, როგორც აღმასრულებელი მდივანი და ვნახე, რომ იქითა მხარეს იყო ვაჟა ლელუაშვილი. მე ვიყავი ერთი მხარე, რომელიც პასუხისმგებელი იყო არჩევნებზე, ხოლო მეორე მხარე - ვაჟა ლელუაშვილი. მე იქ ვნახე სუს-ი მოქმედებაში. საზოგადოებას ალბათ ახსოვს, რომ ზეწოლა ხორციელდებოდა სხვადასხვა პირებზე. ბოლოს ვნახეთ პირდაპირი ფიზიკური ძალადობა, შეიარაღებული ადამიანები, მადლობა მინდა გადავუხადო იქ მყოფ ყველა ჟურნალისტს, რადგან რომ არა ისინი, ის დღე რით დამთავრდებოდა, კაცმა არ იცის. ეს ადამიანი არის დღეს დაკავებული და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ 3 წლის განმავლობაში, ის არის ამ ხელისუფლების პირდაპირი მოკავშირე, ერთმნიშვნელოვნად" - განაცხადა სერგო რატიანმა.

ვაჟა ლელუაშვილი დღეს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონო დამზადება-შენახვისთვის დააკავეს. მას პროკურატურა პოლიტიკოსების ფარული კადრების გარდა, ჟურნალისტ გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის ჩაწერაშიც ადანაშაულებს. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტის ვიდეომასალის გავრცელებისთვის სწორედ ქართული ოცნების მთავრობის შს მინისტრის მოადგილე დააკავეს. გელა ხვედელიძემ ბრალი აღიარა და მას ერთწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს.

კომენტარები