ქართული ოცნება

ქართული ოცნება: ლელუაშვილი გარდაბნის არჩევნებში ჩართული არ ყოფილა

პარტია ქართული ოცნების განცხადებით, დღეს დაკავებული კუდ-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ვაჟა ლელუაშვილი გარდაბნის გამგებლის 2016 წლის არჩევნებში ჩართული არ ყოფილა. ენმ-ის წევრმა სერგო რატიანმა დღეს TV პირველის ეთერში თქვა, რომ "ვაჟა ლელუაშვილი გარდაბნის გამგებლის არჩევნებში იყო შტაბის არაფორმალური უფროსი. რეალურად, მან ჩაატარა საარჩევნო კამპანია".

"დღეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა მხრიდან არაერთგზის გაჟღერდა ცრუ ინფორმაცია, რომ, თითქოს, პროკურატურის მიერ დაკავებული კუდ-ის დირექტორის ყოფილი მოადგილე, ვაჟა ლელუაშვილი ჩართული იყო გარდაბნის გამგებლის 2016 წლის არჩევნებში ქართული ოცნების სასარგებლოდ.

ქართული ოცნება" ცალსახად აცხადებს, რომ გავრცელებულ ინფორმაციას არავითარი კავშირი არა აქვს სინამდვილესთან. გარდაბნის არჩევნებში ცენტრალური საარჩევნო შტაბის მუშაობას წარმართავდა პარტიის აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე, ხოლო ადგილობრივ შტაბს ხელმძღვანელობდა - ვანო მირიანაშვილი. ვაჟა ლელუაშვილი არავითარი ფორმით არ ყოფილა ჩართული გარდაბნის არჩევნებში ქართული ოცნების სასარგებლოდ.

სამწუხაროა, რომ დეზინფორმაციის ავტორებთან ერთად, აღნიშნული ცრუ ინფორმაცია არაერთგზის გააჟღერეს სხვა პოლიტიკურმა პარტიებმაც. მოვუწოდებთ ოპოზიციურ პარტიებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ განცხადებებს, დაიცვან პოლიტიკური ეთიკის სტანდარტები და ნებსით თუ უნებლიეთ არ შეუწყონ ხელი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას", - აცხადებს ქართული ოცნება.

ვაჟა ლელუაშვილი დღეს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონო დამზადება-შენახვისთვის დააკავეს. მას პროკურატურა პოლიტიკოსების ფარული კადრების გარდა, ჟურნალისტ გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის ჩაწერაშიც ადანაშაულებს. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტის ვიდეომასალის გავრცელებისთვის სწორედ ქართული ოცნების მთავრობის შს მინისტრის მოადგილე დააკავეს. გელა ხვედელიძემ ბრალი აღიარა და მას ერთწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს.

კომენტარები