ბიტკოინი

სამინისტრო BitFury-ის დატა ცენტრისთვის შეღავათიანი ტარიფის არსებობას ადასტურებს

gizmodo.com

2015 წლის 16 დეკემბერს თბილისის ენერგომოხმარება 40 მეგავატით გაიზარდა, მიზეზი გლდანის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში კომპანია BitFury-ის დატა ცენტრის გახსნა იყო. ცენტრი ბლოკჩეინ ოპერაციების მეშვეობით ელექტრონულ ვალუტა ბიტკოინს აწარმოებს, პროცესი საკმაოდ ენერგოტევადია, რის გამოც ცენტრის სერვერები მოიხმარენ იმდენ ელექტროენერგიას, რასაც ქვეყანაში მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგური აწარმოებს. თუმცა კომპანია აღნიშნული მოცულობის ენერგიას შეღავათიანი ტარიფით იღებს.

BitFury მაღალტექნოლოგიური აპრატურის მწარმოებელი კომპანიაა. ისინი ყიდიან მძლავრ სერვერებს, რომელიც კრიპტოვალუტის გამოშვებისას გამოიყენება. BitFury-ის აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ვავილოვია. კომპანია ბლოკჩეინ ოპერაციებში იყენებს საკუთარ ახალი ტიპის სერვერებს, რომლებიც უფრო ეფექტური გაგრილების სისტემის გამო ოპერაციებს ნაკლები დანახარჯებით ასრულებენ.
 
BitFury-იმ საქართველოში პირველი, 20-მეგავატიანი დატა ცენტრი ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის თანადაფინასებით ააშენა. შემდეგ კი თბილისის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში კომპანიამ სიმბოლურ თანხად, ერთ ლარად მიიღო 18 ჰექტარის მიწის ნაკვეთი, სადაც გაცილებით უფრო მასშტაბური 40-მეგავატიანი დატა ცენტრი აშენდა. თუმცა იმის გამო, რომ კომპანია თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში მდებარეობს, ის არ იხდის მთელ რიგ გადასახადებს, მათ შორის, არც მოგების და არც დამატებითი ღირებულების გადასახადს. 
 
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა ტაბულას კითხვაზე, იღებს თუ არა BitFury დენს საშეღავათო ტარიფით, განაცხადა, რომ თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში მყოფი კომპანიები სავარაუდოდ არ იხდიან დენის ტარიფის შემადგენელ დღგ-ის ნაწილს, რაც თავად ამ შეღავათების არსებობის ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენს.
 
"რამდენადაც მე ვიცი, მთელი კონცეფცია თავისუფალი სავაჭრო ზონა იქნება თუ ეკონომიკური ზონა იქნება, არის რაღაც საშეღავათო გადასახადების შეღავათებადობა. დღგ არ არის პირდაპირი გადასახადი, არაპირდაპირი გადასახადია და როგორც, მაგალითად, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, დიპლომატიური წარმომადგენლობა არ იხდის დღგ-ს, სავარაუდოდ ეს არის.

რასაკვირველია, შეიძლება არ იხდიდნენ [დენის გადასახადის დღგ-ს], მე არ მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია, მაგრამ, ჩემი ვარაუდით, ეს საგადასახადო შეღავათი დღგ-სთან მიმართებით ასევე ვრცელდება თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებზე და ეკონომიკურ ზონებზეც. სწორედ ეს არის კონცეფცია, რის გამოც შეიქმნა ეს ზონები", - ამბობს ვალიშვილი.

BitFury-ს აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ვავილოვია, დირექტორთა საბჭოს წევრი კი ქართველი ბიზნესმენი, გიორგი კიკვაძე. BitFury-ის ინფორმაციით, კიკვაძე ამავდროულად ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი აღმასრულებელი დირექტორია. 

კომპანიებს თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში საქმიანობის უფლებას რამდენიმე მიზნით ანიჭებენ, მიზეზებს შორის ერთ-ერთი უმთავრესი მოსახლეობის დასაქმების მოტივია. BitFury-ის შემთხვევაში კი მოსახლეობის დასაქმების მოტივი მინიმალური იქნებოდა, რადგანაც მსგავსი ტიპის საწარმოებში როგორც წესი მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მუშაობს. BitFury არ იხდის გადასახადებს, არ ჰყავს დასაქმებული თანამშრომელთა მნიშვნელოვანი რაოდენობა, დენის ტარიფს კი საშეღავათო პირობებით იღებს, რაც ამ კომპანიისთვის ხელოვნურად სასათბურე პირობების მინიჭებაზე მიანიშნებს.

BitFury-ისა და მსგავსი ტექნოლოგიური კომპანიების შემოსავლიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული თავად ბიტკოინის ფასზე. 8 მარტის მდგომარეობით ერთი ბიტკოინი $423 ღირს, თუმცა 2013 წლის ბოლოს ერთი ბიტკოინის ღირებულება $1200-ს აჭარბებდა. მას შემდეგ ამ კრიპტოვალუტის ღირებულება დაახლოებით ორი წლის მანძილზე მცირდებოდა და მინიმალურ ფასს $202-ს 2015 წლის იანვარში მიაღწია, 2015 წლის ბოლოს კი ბიტკოინის ფასმა სწრაფი მატება დაიწყო.

კომენტარები