პირადი კადრები

კამპანია "ეს შენ გეხება" მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვს

კამპანია "ეს შენ გეხება" მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომას ითხოვს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს ბრიფინგი გამართეს, სადაც უწყების არაეფექტურ მუშაობაზე ისაუბრეს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის თქმით, პროკურატურამ ბოლომდე უნდა მიიყვანოს სისტემური დანაშაულის გამოძიება. მან აღნიშნა, რომ უწყებაში აღარ უნდა მუშაობდნენ ის პირები, ვინც ჩართულები არიან სისტემურ დანაშაულში.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროკურატურამ ბოლომდე მიიყვანოს სისტემური დანაშაულის გამოძიება; პერიოდულად საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით; გაგრძელდეს სამართალდამცველი სისტემის რეფორმა და იქნეს ბოლომდე მიყვანილი, რაც ასევე გულისხმობს იმას, რომ პირები, ვინც მონაწილეობდნენ ამ დანაშაულში, სისტემაში აღარ უნდა რჩებოდნენ. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა, რომლებსაც აღებული აქვთ პასუხისმგებლობა და პასუხისმგებელმა უწყებებმა განახორციელონ ეს პასუხისმგებლობა ეფექტურად ან თქვან, რომ ეს არის მათთვის შეუძლებელი და შესაბამისი ცვლილებები განხორციელდეს", - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს თავმჯდომარე ეკა გიგაური ამბობს, რომ ირაკლი შოთაძის ხელში იყო სისტემური დანაშაულის გამოძება. გიგაურმა აღნიშნა, რომ შოთაძის პასუხისმგებლობაა ის, რომ აქამდე არცერთი დამნაშავე არ დასჯილა.

"მის ხელში იყო გამოძიება იმ სისტემური პრობლემების, რაც იყო ქვეყანაში. მის ხელში იყო იმ არქივის გამოძიების საკითხი, რომელიც დაცული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროში, მას უნდა დაედგინა ის პირები, რომლებიც იდგნენ ამ არქივის უკან. უნდა დაედგინა ის პირები, რომლებიც ასრულებდნენ უკანონო ბრძანებას და რომლებსაც ჰქონდათ წვდომა არამარტო ამ არქივზე. მისი პირადი პასუხისმგებლობაა ის, რომ არავინ არ დასჯილა ამ პერიოდის განმავლობაში. ზუსტად დასჯა იქნებოდა პრევენცია იმისა, რომ დღეს ამ მოცემულობის წინაშე არ ვყოფილიყავით", - ამბობს გიგაური.

სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელი ნინო ლომჯარია აღნიშნავს, რომ კამპანია "ეს შენ გეხება" აქცენტს არა მარტო ამ კონკრეტულ ფარულ ჩანაწერებზე აკეთებს, არამედ სისტემურ დანაშაულზე, რომლის გამოძიებაც პროკურატურას ევალება.

"ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ არა მარტო ამ კონკრეტული კადრების გავრცელების ფაქტზე, არამედ ჩვენ გვსურს, რომ პროკურატურამ შეისწავლოს ის სისტემური დანაშაული, რაც ხდებოდა, როგორც ხდებოდა ამ კადრების მოპოვება, იმიტომ, რომ მიგვაჩნია, რომ ეს იყო ნამდვილად სისტემური დანაშაული, მას ახორციელებდნენ სამართალდამცველი ორგანოები. არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს პრაქტიკა შეიცვალა. გარკვეული გარემოებები და ინფორმაციები, რასაც ჩვენ ვიღებთ, გვიჩენს საფუძვლიან ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ მსგავსი პრაქტიკა გრძელდება", - აღნიშნა ლომჯარიამ.

კომენტარები