ვიზალიბერალიზაცია

ჩერგოლეიშვილი: პრორუსული განწყობები გაზრდილია ხელისუფლების ქმედებების გამო

საქართველოს ევროპისა და NATO-სკენ სვლას რომ ალტერნატივა არ აქვს, ამაზე შეთანხმებულები ვართ. რა გზით უნდა ვიაროთ, ტაქტიკურად რა სჯობია, ამასთან დაკავშირებით შეიძლება, განსხვავებები არსებობდეს. უკიდურეს გულუბრყვილობად მივიჩნევ იმაზე საუბარს, რომ თუ ივლისში არ მოგვცეს უვიზო რეჟიმი და მოგვცეს ოქტომბერში, ეს შეცვლის საქართველოში ევროპის მიმართ დამოკიდებულებას. ეს არის ტყუილი. ეს ჩანს ძალიან კარგად. ჩვენ მივიღეთ Free Trade ევროპასთან 2 წლის წინ, ამის შემდეგ კი 2-ჯერ გაიზარდა პრორუსული განწყობები ქვეყანაში. იმიტომ, რომ რეალურად ხალხის განწყობა იცვლება არა იმის მიხედვით, რას იტყვის ევროკავშირი ან შეგვეძლება თუ არა უვიზოდ იქ წასვლა, ხალხის განწყობა იცვლება იმის მიხედვით, რა ხდება საქართველოში. ჩვენს ექსპერტებს, რომლებსაც საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხი აწუხებთ, ვურჩევდი, რომ მეტად დააკვირდნენ იმას, რა ხდება საქართველოში, მეტი იფიქრონ, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრები გავხდეთ და ნაკლებად დააბრალონ ევროკავშირს - რომ ისინი უვიზო რეჟიმს რადგან არ გვაძლევენ, ისინი რომ MAP-ს არ გვაძლევენ... ხიდაშელის ხაზის გაგრძელებაა. მან თქვა, რომ ვარშავაში MAP-ს თუ არ მივიღებთ, რუსები მოვლენ ხელისუფლებაში ან რუსები წარმატებას მიაღწევენ. ამ გულუბრყვილო წარმოდგენებში ძალიან ბევრი ადამიანი გაეხვა. მთავარია ის, რა მოხდება ამ ქვეყანაში. პრორუსული განწყობები გაზრდილია და გაზრდილია არა იმიტომ, რომ ევროკავშირმა უვიზო რეჟიმი არ მოგვცა, გაზრდილია იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება იქცევა ისე, როგორც იქცევა. ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს ოქტომბერში.

ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი გადაცემა "თეორემაში".

კომენტარები