ნოვრუზ ბაირამი

პრეზიდენტი: მნიშვნელოვანია აზერბაიჯანელი მოქალაქეების აქტიური ინტეგრაცია

გიორგი მარგველაშვილი
report.az

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მარნეულის მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა და პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაგეგმილ სადღესასწაულო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მარგველაშვილმა ნოვრუზ ბაირამის სადღესასწაულო, ტრადიციული კოცონი აანთო და ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართა.

“თქვენ ხართ ის ხალხი, ვინც ათწლეულების განმავლობაში რეალურად აძლიერებდა ჩვენს სახელმწიფოს. მე თქვენთან ერთად ვზეიმობ დღევანდელ დღეს. მთელი ქართველი ხალხი ზეიმობს დღეს თქვენთან ერთად. მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო მეტად მოხდეს ჩვენი საყვარელი აზერბაიჯანელი მოქალაქეების უფრო აქტიური ინტეგრაცია ჩვენს სახელმწიფოში. ძალიან მნიშვნელოვანია, ქართული ენა ყველას კარგად ესმოდეს, ყველა კარგად ფლობდეს  ქართულ ენას და ერთად ვაშენებდეთ ამ ენის მეშვეობით და ჩვენი ურთიერთობის მეშვეობით ახალ ქვეყანას“, - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა მარნეულში სიტყვით გამოსვლისას.

ნოვრუზი სპარსული სიტყვაა და "ახალ დღეს" ნიშნავს. მისი აღნიშვნის ტრადიცია ზოროასტრიზმის (ცეცხლთაყვანისმცემლობა) უძველესი რელიგიიდან იღებს სათავეს და დღეღამსწორობას უკავშირდება.

ითვლება, რომ 21 მარტიდან, როცა დღე და ღამე ერთმანეთს უტოლდება, ახალი წელი ბუნების გამწვანებასთან ერთად იწყება. ეს არის დრო, როცა დედამიწა ახალ სიცოცხლეს იწყებს, ხოლო აზერბაიჯანელები და ათზე მეტი სხვა ერი - ახალ წელს.

2010 წელს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ნოვრუზ ბაირამი, ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეების დღესასწაული, საერთო სახალხო დღესასწაულად გამოაცხადა.

2010 წლის 19 თებერვალს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელმაც 21 მარტი "ნოვრუზის საერთაშორისო დღედ" გამოაცხადა და მიესალმა დღესასწაულის აღმნიშვნელ სახელმწიფოებს, რომლებიც ხელს უწყობენ მასთან დაკავშირებული კულტურული ტრადიციების შენახვასა და განვითარებას.

საქართველოს აზერბაიჯანულენოვანი მოქალაქეებისთვის ზეიმს ტრადიციული დატვირთვა აქვს, რომელიც კავშირში არ არის ისლამურ რელიგიასთან.

კომენტარები