ფარული ჩანაწერები

„ეს შენ გეხება“ დღეს აქციას გამართავს

კამპანიაში „ეს შენ გეხება“ ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს აცია-მსვლელობას გამართავენ. NGO-ები უკანონო თვალთვალსა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას აპროტესტებენ.

„მოძრაობა „ეს შენ გეხება“ კამპანია განაახლა ფარული თვალთვალის წინააღმდეგ. 2012 წელს ამ მოძრაობის წყალობით შეიქმნა გარემო, რომელმაც საზოგადოებას თავისუფალი და ობიექტური არჩევანის გაკეთების საშუალება მისცა. 2014 წელს კამპანია ისევ განახლდა და მისი წევრები ამტკიცებდნენ, რომ გრძელდებოდა უკანონო თვალთვალი, ისევ გვისმენდნენ, ისევ ავრცელებდნენ ძველ თუ ახალ კადრებს, არ გვიტოვებდნენ პირად სივრცეს… კამპანიამ მიაღწია ცვლილებას კანონმდებლობაში, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა! დღეს, ჩვენ ისევ უნდა გავერთიანდეთ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და პიროვნული თავისუფლების დასაცავად“ - აღნიშნავენ აქციის ორგანიზატორები.

აქციის მონაწილეები ფილარმონიასთან 13:00 საათზე შეიკრიბებიან და მსვლელობით მთავრობის კანცელარიისკენ გაემართებიან. პარალელურად, აქციები ჩატარდება საქართველოს სხვა ქალაქებშიც, მათ შორის ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, გორსა და თელავში.

შეგახსენებთ, რომ 11 მარტს სავარაუდოდ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა. 14 მარტს კი ინტერნეტში ახალი  ვიდეო აიტვირთა, სადაც მოქმედი პირები იდენტიფიცირებული არ არიან, თუმცა, კადრების გამავრცელებელი მოქმედ პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს ახალი მასალის გავრცელებით ემუქრება. ვიდეოს ავტორი მოუწოდებს "მათ, ვისზეც კადრები არსებობს", რომ 31 მარტამდე დატოვონ დაკავებული თანამდებობები.  

პროკურატურამ ორივე საქმეზე გამოძიება 157-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ გამოყენებას ან გავრცელებას და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.

კომენტარები