საქართველოს სახალხო დამცველი

ომბუდსმენი: გამყოფ ხაზს პირას მცხოვრებს შსს-მ კომპენსაცია არ მისცა

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახალხო დამცველის 2015 წლის 14 დეკემბერის რეკომენდაცია არ გაითვალისწინა გამყოფი ხაზის პირას მცხოვრები მოქალაქის კომპენსაციით უზრუნველყოფის შესახებ. განცხადების თანახმად, სოფელ ზარდიაანთკარის მცხოვრებლის სახლი, რომელიც 2008 წლის ომის დროს დაზიანდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2012 წელს დაიქირავა. 2015 წელს კი სახლის მფლობელთან კონტრაქტი აღარ გააგრძელა. ომბუდსმენის განცხადებით, სახლი მოქალაქეს უფრო მძიმე მდგომარეობაში დახვდა. აღნიშნული პირი საცხოვრებლის მდგომარეობისა და საგუშაგოს სიახლოვის გამო სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებს.

"ტ.თ. შიდა ქართლის გამყოფი ხაზის პირა სოფელ ზარდიაანთკარის მაცხოვრებელია და მისი სახლი 2008 წლის ომის დროს საგრძნობლად დაზიანდა. 2012 წელს სოფელზე საქართველოს ხელისუფლების კონტროლის აღდგენის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მის სახლთან პოლიციის საგუშაგო განათავსა, ხოლო სახლი კი საგუშაგოს პირადი შემადგენლობისათვის იქირავა. 2015 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქალაქესთან ხელშეკრულება აღარ განაახლა. ტ.თ.-ს სახლი 2015 წელს უფრო მძიმე მდგომარეობაში დახვდა და იგი საცხოვრებლად უვარგისია. სახლის მდგომარეობის, ასევე პოლიციის საგუშაგოსთან სიახლოვის გამო, ტ.თ. და მისი მეუღლე სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებენ", - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ დარღვეულია მოქალაქის სათანადო საცხოვრებლის უფლება და ამბობს, რომ ტ.თ.-ს დარღვეული უფლების აღსადგენად ის ან ალტერნატიული საცხოვრებლით, ან შესაბამისი ფულადი ანაზღაურებით უნდა უზრუნველყონ მანამ, სანამ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგუშაგო განთავსებულია განმცხადებლის სახლის მომიჯნავედ.

„სათანადო საცხოვრებლის უფლება აღიარებული და გარანტირებულია სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-11 მუხლით. ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტის განმარტებით, სათანადო საცხოვრებლის უფლება გულისხმობს ნებისმიერ ადგილას უსაფრთხო, მშვიდობიან და ღირსეულ პირობებში ცხოვრების უფლებას“, - ამბობს სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველის აპარატი აღნიშნავს, რომ უფლება სათანადო საცხოვრებელზე ეთანხმება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპს, რომელიც გულისხმობს სამოქალაქო პირების სამხედრო ობიექტებისაგან განცალკევებას, რადგან ასეთ ადგილას ცხოვრება აღარ არის უსაფრთხო. მეორე მხრივ, სახელმწიფომ ადეკვატური საცხოვრებელი პირობები უნდა შესთავაზოს ასეთ პირს და არ უნდა დატოვოს ის სათანადო საცხოვრებლის გარეშე.

სახალხო დამცველის აპარატის ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტოში მიიჩნევენ, რომ პოლიციის საგუშაგო არ არის სამხედრო ობიექტი.

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხის თანახმად, ისინი არ მიიჩნევენ პოლიციის საგუშაგოს სამხედრო ობიექტად, რადგან  ის „ოკუპირებული ტერიტორიის ხაზის გასწვრივ უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ამოცანებს ასრულებს“. პასუხში ასევე აღნიშნული იყო, რომ „საცხოვრებელი სახლის დაზიანება/ამორტიზაცია მოხდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან დამოუკიდებელი მიზეზების შედეგად“, - ამბობს ნანუაშვილი.

ნანუაშვილი აღნიშნავს, რომ ტ.თ.-ს სახლის მომიჯნავედ მდებარე პოლიციის საგუშაგო და ტ.თ.-ს სახლის კედელი გამიჯნული არ არის ერთმანეთისაგან, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ სახლი საგუშაგოს ინფრასტრუქტურის ნაწილია. ომბუდსმენის მოსაზრებით, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს დამატებით ქმნის დაბრკოლებას მოქალაქის ოჯახისთვის სახლში დასაბრუნებლად.

სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, კიდევ ერთხელ განიხილოს აღნიშნული საკითხი და მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქე ტ.თ.-ს სათანადო საცხოვრებლის უფლების დაცვას.

კომენტარები