გერმანია

გერმანია ისტორიულ გზაგასაყარზე

2015 წლის 13 მარტს გერმანიის სამ პროვინციაში ლანდტაგის (რეგიონული პარლამენტის) არჩევნები ჩატარდა, რომელმაც ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატებს მძიმე იმედგაცრუება მოუტანა. ფედერალურ დონეზე მმართველმა პარტიამ არჩევნების მოგება სამიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში, საქსონია-ანჰალტის მიწაზე შეძლო და იქაც წინა არჩევნებთან შედარებით უკუსვლა განიცადა. კანცლერ ანგელა მერკელის ბედი უკვე ბეწვზეა ჩამოკიდებული.

კიდევ უფრო უარესი ხვედრი ერგოთ სოციალ-დემოკრატებს, რომლებმაც ასევე ერთ პროვინციაში, რაინლანდ-პფალცში მოახერხეს არჩევნების მოგება, მაგრამ იმავდროულად მესამე და მეოთხე ადგილზე გავიდნენ ორ დანარჩენ მიწაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი პოზიცია, როგორც წამყვანი მემარცხენე-ცენტრისტული პარტიის და ქარისტიან-დემოკრატების მთავარი კონკურენტის, ეჭვის ქვეშ დგას. 

წარმატებას მიაღწიეს მცირე პარტიებმა, რომლებიც აქამდე მემარჯვენე ან მემარცხენე ფლანგის კიდეებზე იყვნენ განლაგებული. მწვანეებმა ბადენ-ვიურტემბერგში გაიმარჯვეს, სადაც აქამდეც პრემიერმინისტრის პოსტი და მინისტრთა კაბინეტის წამყვანი პოზიციები ეკავათ. მაგრამ ყველაზე დრამატული ცვლილება, რაც 13 მარტის არჩევნებმა მოიტანა, მემარჯვენე-პოპულისტური პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (Alternative für Deutschland-AfD) წარმატებაა. ამ პარტიამ, რომელიც მხოლოდ 2013 წელს დაფუძნდა, სამივე რეგიონში ორნიშნა მაჩვენებლები მიიღო, მათ შორის, საქსონია-ანჰალტში ხმების 24%-ით მეორე ადგილზე გავიდა. ასეთი წარმატება ახალდაფუძნებული პარტიისთვის გერმანიის ისტორიაში არნახულია.

არჩევნების ეს შედეგები გერმანულ პოლიტიკაში ბოლო ათწლეულის მანძილზე არსებული დინამიკით არის განპირობებული. ანგელა მერკელის კანცლერობის პერიოდში ქრისტიან-დემოკრატებმა ტრანსფორმაცია განიცადეს. ტრადიციულად კონსერვატული პოლიტიკის ნაცვლად მერკელმა ცენტრისტული კურსი აირჩია, თუმცა ეს ტრანსფორმაცია უფრო „ზემოდან“, თავად კანცლერისა და მისი კაბინეტის მხრიდან თავსმოხვეული იყო, ვიდრე პარტიის წევრთა და ამომრჩეველთა განწყობის ანარეკლი.

ცენტრიზმის გამოხატულება იყო ენერგეტიკული პოლიტიკის მიმართ კონსერვატული მიდგომის უეცარი ცვლილება, რისი საბაბიც 2011 წელს იაპონიაში ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურზე ცუნამის შედეგად გამოწვეული ავარია გახდა. ატომური ენერგის გამოყენება ათწლეულების განმავლობაში იყო წყალგამყოფი ხაზი მემარჯვენეებსა და მემარცხენეებს შორის გერმანიაში და ყველა ქრისტიან-დემოკრატიული მთავრობა ამომრჩევლებს ატომური სადგურების შენაჩუნებას ჰპირდებოდა. ფუკუშიმას ავარიის შემდეგ გამოკითხვებმა პირველად აჩვენა, რომ მოსახლეობის მკაფიო უმრავლესობა ატომურ ენერგიაზე უარის თქმას უჭერდა მხარს და ანგელა მერკელმა თითქმის ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება, დაეკმაყოფილებინა თავისი სოციალ-დემოკრატი და მწვანე ოპონენტების მოთხოვნა და ეტაპობრივად გაეთიშა ატომური ენერგიის მწარმოებელი სადგურები.

თუ ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ მსუბუქი წინააღმდეგობა შეხვდა კონსერვატორთა მხრიდან და პარტიაში განხეთქილებისთვის არ ჩაუყრია საფუძველი, ევროკავშირის ფინანსური კრიზისის დროს საბერძნეთის ვალებისთვის ფინანსური გარანტიების გერმანელ და ევროკავშირის სხვა გადასახადის გადამხდელებზე დაკისრებამ სერიოზული წინააღმდეგობა გამოიწვია. პირველად გერმანიის უახლეს ისტორიაში, ბუნდესტაგში გამოჩნდნენ backbencher-ები, პარლამენტარები, რომლებიც სამთავრობო პარტიის წევრები არიან, მაგრამ სამთავრობო ინიციატივების წინააღმდეგ აძლევენ ხმას. ყველა მეამბოხე ქრისტიან-დემოკრატი მაჟორიტარული წესით მრავალგზის არჩეული, დიდი გამოცდილების მქონე დეპუტატი იყო, რომელთაც შეეძლოთ გაერისკათ მერკელთან კონფლიქტი ისე, რომ საკუთარი პოლიტიკური კარიერისთვის ზიანი არ მიეყენებინათ.

მაგრამ ანგელა მერკელი ყველაზე რთული გამოცდის წინაშე ლტოლვილთა საკითხის წინწამოწევის შემდეგ აღმოჩნდა, რაშიც თავად მიუძღვის ლომის წვლილი. სირიაში სამოქალაქო ომის დაწყებიდან ცოტა ხნის შემდეგ გერმანიის მიგრაციის სამსახურმა შეწყვიტა თავშესაფრის თაობაზე სირიელთა განცხადებების ინდივიდუალური განხილვა და ყველა სირიელს ავტომატურად ანიჭებდა ლტოლვილის სტატუსს. ამგვარმა პოლიტიკამ წლიდან წლამდე ლტოლვილთა ნაკადის ზრდა გამოიწვია. სირიელებს შეუერთდნენ ერაყელები, ავღანელები და ასევე აფრიკის ქვეყნების წარმომადგენლები, რომელთაგანაც დიდი უმრავლესობა გერმანიაში თავშესაფრის მიღებისათვის საჭირო კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, თუმცა მათი დეპორტაცია რამდენიმეთვიან პროცედურას საჭიროებს ან საერთოდ შეუძლებელია, რადგან აფრიკის და აზიის ბევრი ქვეყანა უარს აცხადებს საკუთარი მოქალაქეების უკან მიღებაზე. 2015 წელს გერმანიამ დაახლოებით 1 მილიონი თავშესაფრის მაძიებელი მიიღო, რამაც სიტუაცია უკიდურესობამდე დაძაბა. ბევრი ლტოლვილი ვერ იქნა უზრუნველყოფილი საცხოვრებლით და იძულებულია ღია ცის ქვეშ დაიძინოს. თავშესაფრის მაძიებელთა მიერ ჩადენილი დანაშაულები - განსაკუთრებით სექსუალური ძალადობის შემთხვევები - სისტემატურად ექცევა გერმანული მედიის ყურადღების ცენტრში. 

ლტოლვილთა პრობლემის გარშემო არსებულმა უთანხმოებამ გერმანულ საზოგადოებაში პიკს 2015 წლის ზაფხულში მიაღწია, როცა მერკელმა ბალკანეთის გზით გერმანიისა და შვედეთისაკენ მიმავალი ლტოლვილები ღია ტელეეთერიდან მიიწვია და თავშესაფარი აღუთქვა. ბავარიის მთავრობა და ქრისტიან-დემოკრატთა ბავარიული ორგანიზაცია, ქრისტიან-სოციალური კავშირი, ღიად აღუდგნენ წინ მერკელის პოლიტიკას და მას შემდეგ ბავარიასა და ფედერალურ მთავრობას შორის უთანხმოება სუფევს. 2015 ზაფხულიდან მოყოლებული ანტიიმიგრანტული პარტიის - „ალტერნატივა გერმანიისთვის“ - მხარდაჭერა მკვეთრად გაიზარდა წინაასაარჩევნო გამოკითხვებში ქრისტიან-დემოკრატთა ხარჯზე. 

რითია განპირობებული მერკელის ესოდენ სარისკო და საკუთარი პარტიის რიგებში განხეთქილების შემომტანი პოლიტიკა? საქმე ისაა, რომ ანგელა მერკელმა ჯერ კიდევ წინა ათწლეულში ცენტრისტული პოზიციების დაკავებით და პერიოდული პოლიტიკური ოპორტუნიზმით, საარჩევნო წარმატებებისა და ხელისუფლებაში გრძელვადიანად დარჩენის სტრატეგიას მიაგნო. 2005 წელს, როცა მერკელი პირველად გახდა კანცლერი, ქრისტიან-დემოკრატების საარჩევნო პროგრამა ეკონომიკის დერეგულირებისა და სოციალური სახელმწიფოს რეფორმირების კლასიკური ექსპონატი იყო. მაშინ მერკელს ჯერ კიდევ  ხშირად ადარებდნენ მარგარეტ თეტჩერს სწორედ ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის შეზღუდვისაკენ მისწრაფების გამო, რაც მაშინდელი ქრისტიან-დემოკრატების წინასაარჩევნო პროგრამაში იყო გამოხატული. თუმცა არჩევნებზე ქრისტიან-დემოკრატებმა წარუმატებლობა განიცადეს და ნაცვლად თავისუფალი დემოკრატებისა (ლიბერტარიანული, ცენტრისტული პარტია), იძულებული გახდნენ, კოალიცია მთავარ მეტოქეებთან, სოციალ-დემოკრატებთან, შეექმნათ. დემოსკოპიურმა სააგენტოებმა არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე ჩატარებულ გამოკითხვებშიც კი ვერ შეძლეს ზუსტი პროგნოზის გაკეთება და ბოლომდე წინასწარმეტყველებდნენ კონსერვატორთა გამარჯვებას. საარჩევნო დღის საღამოს, ეგზიტპოლების გამოცხადებისას, მერკელის შეშფოთებული სახე და მისი გაოცებისგან ოდნავ გაღებული პირი, მომდევნო წლების განმავლობაში „კომედი შოუების“ მთავარი თემა გახდა.

ამ საბედისწერო არჩევნების შემდეგ მერკელმა დერეგულაციის, პრივატიზაციისა და ბაზრის გათავისუფლების მიმართულებით რეფორმების გატარებაზე საბოლოოდ თქვა უარი. მომდევნო საარჩევნო ციკლებში მისი ეკონომიკური პოლიტიკა მხოლოდ უმნიშვნელო დეტალებით განსხვავდებოდა სოციალ-დემოკრატების წინადადებებისაგან. მერკელის წარმატებას ხელს უწყობდა ჯერ დადებითი ეკონომიკური კონიუნქტურა და შემდეგ ევროზონის ფინანსური კრიზისის დროს მოსახლეობაში შექმნილი შთაბეჭდილება, რომ მას უკეთ შეეძლო გერმანული ინტერესების დაცვა, ვიდრე მის მემარცხენე კონკურენტებს, რომლებიც საბერძნეთისა და სხვა კრიზისული ქვეყნების მიმართ სოლიდარობის ლოზუნგით გამოდიოდნენ.

სოციალ-დემოკრატების ყველა მცდელობა, მკაფიო მემარცხენე პროგრამა შეეთავაზებინათ ამომრჩევლისათვის, კრახით დასრულდა. მერკელთან კონკურენციაში ასევე წარუმატებელი აღმოჩნდნენ უფრო ზომიერი, ცენტრისტული პოზიციების მქონე სოციალ-დემოკრატი პოლიტიკოსები, რადგან მათ მერკელისაგან განსხვავებული პოლიტიკური პლატფორმა არ გააჩნდათ და ხალხს მხოლოდ სხვა პიროვნებას სთავაზობდნენ. ამგვარად, მერკელის პოლიტიკის უმთავრესი მსხვერპლი 150-წლიანი ტრადიციის მქონე გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიაა, რომელიც ომისშემდგომ პერიოდში არასოდეს ყოფილა ისეთი სუსტი, როგორც ახლა.

ამგვარად, მერკელი განჭვრეტადი მომავლისათვის კანცლერად რჩება, რამდენადაც მემარჯვენე-პოპულისტური„ალტერნატივა გერმანიისთვის“ ერთადერთი პარტიაა, რომელიც მას გამოწვევას სთავაზობს ისეთ მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით, როგორებიცაა ევროზონის კრიზისი და ლტოლვილთა პრობლემა. სოციალ-დემოკრატები და მწვანეები მზად არიან, მხარი დაუჭირონ კანცლერს „ალტერნატივის“ წინააღმდეგ და, იმავდროულად, ვერ ახერხებენ ამომრჩევლის დარწმუნებას, რომ ამჟამინდელ კანცლერზე უკეთესად შეძლებენ მისივე პოლიტიკის გატარებას.

ერთადერთი რეალური შანსი მერკელის მმართველობის სწრაფი დასრულებისა მისი პარტიის შიგნით ფართომასშტაბიანი აჯანყებაა, რაც გერმანიის პოლიტიკური სისტემის თავისებურებებიდან გამომდინარე ნაკლებად მოსალოდნელია. განსხვავებით დასავლური სამყაროს დიდი ნაწილისგან (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი), გერმანიაში პარლამენტი შერეული სისტემით, პარტიული სიებითა და მაჟორიტარული ოლქების მეშვეობით აირჩევა. პარლამენტი (ბუნდესტაგი) თავის მხრივ ირჩევს კანცლერს, რომელიც მთავრობას აკომპლექტებს.  გერმანიაში აშშ-ის მსგავსი შიდაპარტიული არჩევნები (პრაიმერიზი) მხოლოდ ბოლო წლების განმავლობაში ჩატარდა რამდენჯერმე და ისიც სერიოზული შეზღუდვების ფონზე, რამაც მძაფრ კონკურენციას ხელი შეუშალა. როგორც წესი, პარტიული ლიდერების მცირე ჯგუფი იღებს გადაწყვეტილებას პარტიის თავმჯდომარის და კანცლერობის კანდიდატის შესახებ, რომელიც შემდეგ პარტიის ყრილობას წარედგინება, სადაც მას ფაქტობრივად გარანტირებული აქვს დამტკიცება. პარტიის თავმჯდომარე და კანცლერი, თავის მხრივ, გადამწყვეტ როლს თამაშობს პარტიული სიების შედგენაში, რაც ამ სიებით არჩეული დეპუტატების მხრიდან არალოიალურ ქმედებას გამორიცხავს. მაჟორიტარული წესით არჩეულ დეპუტატებსაც ხშირ შემთხვევაში უძნელდებათ საკუთარი პარტიის ლიდერთა წინააღმდეგ წასვლა გერმანული პოლიტიკის უკიდურესად პარტიული ხასიათის გამო. პოლიტიკური პარტიები იმდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სახელმწიფო მმართველობის მთელ სისტემაში, რომ მათი გავლენისაგან თვით ბიუროკრატია, სასამართლო და საზოგადოებრივი ტელემაუწყებლობაც კი არ არის თავისუფალი. ცალკეულ პოლიტიკოსებს რომელიმე პარტიის მხარდაჭერის გარეშე წარმატების მიღწევის შანსი არა აქვთ, რაც უკიდურესად ამცირებს შიდაპარტიული განხეთქილების, პარტიის გაყოფის ან ლიდერის დამხობის შანსებს. პარტიის ლიდერის წინააღმდეგ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს ამა თუ იმ პოლიტიკოსის კარიერისთვის,  თუ მას მაშინათვე არ მოჰყვა საერთოპარტიული ამბოხება და ლიდერის შეცვლა.

ბევრი კონსერვატორი ამ ჩაკეტილი წრის გარღვევას ახალი მემარჯვენე პარტიის დაფუძნების გზით შეეცადა, რაც 2013 წელს, ევროზონის კრიზისის პიკის დროს განხორციელდა კიდეც. AfD პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა, როგორც მცირე სახელმწიფოს, დერეგულაციის, თავისუფალი ბაზრისა და ინდივიდუალური პასუხისმგებლობის პარტია, რაც 2005 წლის ქრისტიან-დემოკრატების პროგრამის რემინისცენციას წარმოადგენდა. AfD-ს ხშირად „პროფესორების პარტიასაც“, უწოდებდნენ, რადგან მასში გერმანიის უნივერსიტეტების ათეულობით წამყვანი ეკონომიკის პროფესორი გაწევრიანდა. პარტიის მთავარ მოთხოვნას წარმოადგენდა ევროზე უარის თქმა ან, სულ მცირე, კრიზისული სამხრეთევროპული ქვეყნების გარიცხვა ევროზონიდან. დროთა განმავლობაში ახალ პარტიაში გაწევრიანდნენ უკიდურესად მემარჯვენე ჯგუფების წარმომადგენლებიც, რომელთა მთავარი თემები იმიგრაციაზე კონტროლი და გერმანიაში მცხოვრებ მუსლიმთა სიტუაცია იყო. 2015 წლის დასაწყისიდან შიდაპარტიული კონფლიქტის ესკალაცია მოხდა, რაც დამფუძნებლის და თავმჯდომარის, ბერნდ ლუკეს გადაყენებით და პარტიიდან გასვლით დასრულდა. ამის შემდეგ AfD-მ პროფილი შეიცვალა და ძირითადად იმიგრაციის თემაზე გადაერთო. 

AfD-ის შიდაპარტიული კონფლიქტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობა იყო. ბერნდ ლუკეს ოპონენტების დიდი ნაწილი პრორუსული განწყობით და პუტინის პოლიტიკის მოწონებით გამოირჩეოდა და ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს აკრიტიკებდა. პარტიიდან ლუკეს და ეკონომიკის ლიბერალიზაციის მომხრე ფრაქციის გასვლის შემდეგ, AfD საბოლოოდ გადაიქცა პრორუსული პოლიტიკის პლატფორმად გერმანიაში.

პუტინის რეჟიმი მრავალმხრივად ცდილობს გერმანიაში პრორუსული ძალების წახალისებას. AfD-ის აღმოცენებამდე რუსეთის მთავარი მოკავშირე „მემარცხენე პარტია“ (Die Linke) იყო, რომელიც ასევე ეწინააღმდეგება ევროკავშირის სანქციებს რუსეთის მიმართ. მაგრამ AfD-ის და ევროპის სხვა ქვეყნებში ანტიიმიგრანტული პოპულისტური პარტიების თემებმა რუსული პროპაგანდის შინაარსზეც იქონიეს გავლენა. იანვარში რუსულმა ტელევიზიამ, რომელსაც გერმანიაში მცხოვრები რუსული წარმოშობის მოსახლეობაც უყურებს, გაავრცელა რეპორტაჟი ბერლინში ახლოაღმოსავლელი მიგრანტების მიერ რუს გოგონაზე სექსუალური ძალადობის შესახებ, რამაც გერმანიის ქალაქებში მცხოვრები რუსების ორკესტრირებული საპროტესტო აქციები გამოიწვია. აქციებზე მოითხოვდნენ მერკელის გადადგომას და ლტოლვილებთან მიმართებით მთავრობის პოლიტიკის შეცვლას. აქციის ფორმა აშკარად მიუთითებდა პოსტსაბჭოურ ქვეყნებში ტიპურ ფენომენზე - ჩრდილში მყოფი ორგანიზატორების მიერ ხალხის მობილიზებაზე.

პუტინის განზრახვა, დაასუსტოს მერკელი, იმითაა განპირობებული, რომ გერმანიის კანცლერი რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების შემოღების საქმეში წამყვან როლს თამაშობდა და უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის მიმართ ბევრად უფრო ხისტი პოზიცია უკავია, ვიდრე გერმანელი პოლიტიკოსების უმრავლესობას. გერმანული საზოგადოების მემარჯვენე და მემარცხენე კიდეებზე, ისევე როგორც სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში არებული პრორუსული განწყობების ფონზე, პუტინს აქვს საფუძველი იფიქროს, რომ მერკელის გადაყენება ევროკავშირის ერთობას დაარღვევს, რამაც რუსეთს სანქციების გაუქმება და გავლენის სფეროებისთვის ბრძოლაში წარმატება შეიძლება მოუტანოს. მერკელის მარცხი 13 მარტის არჩევნებში რუსულმა მედიამ ზარ-ზეიმით აღნიშნა.

ამ ვითარებაში ქრისტიან-დემოკრატებს ორი გამოსავალი აქვთ: მათ ან უნდა მოახერხონ მერკელის დარწმუნება, რომ გერმანიის მიერ ლტოლვილთა მიღების ლიმიტი ამოწურულია, ან ბავარიელი თანაპარტიელების მეთაურობით შეძლონ მერკელის ჩანაცვლება სხვა თავმჯდომარით. ავსტრიამ და ბალკანეთის ქვეყნებმა მერკელთან შეთანხმების გარეშე უკვე დაკეტეს თავიანთი საზღვრები, რამაც ლტოლვილთა ნაკადი დროებით შეაჩერა. თუმცა მიგრანტები სავარაუდოდ იპოვიან სხვა გზას გერმანიამდე ჩასაღწევად, სანამ იმის მოლოდინი არსებობს, რომ გერმანია მათ, სულ ცოტა, რამდენიმე თვის განმავლობაში უმასპინძლებს.  მიგრანტთა რაოდენობის ზრდის პარალელურად იზრდება AfD-ის მხარდაჭერა და სულ უფრო და უფრო მყიფე ხდება მერკელის პოზიციები. გერმანია ისტორიულ გზაგასაყართან დგას.

კომენტარები