ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე მირიან მჭედლიშვილი, დიდი ალბათობით, "ოკუპანტ ქვეყანაზე მუშაობს და ანტიდასავლური აგიტაციითაა დაკავებული".
"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ არაერთხელ გამოავლინა და წარმოადგინა ის ზიანი, რომელსაც ქართული ოცნება აყენებს ჩვენს ქვეყანას სხვადასხვა სფეროში. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ეროვნული უსაფრთხოების სფეროს. სულ ცოტა ხნის წინ, მტკიცებულებები წარმოვადგინეთ, რომლებიც ადასტურებენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე მირიან მჭედლიშვილი საბჭოთა კავშირის კგბ-ს ნომენკლატურაში მუშაობდა, კერძოდ, ის იყო კომპარტიის აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილების გამგე და კომპარტიის ცეკას ინსტრუქტორი.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეს ფაქტი საკუთარ განცხადებაში არ უარყო. ანუ გამოდის, რომ ჩვენი უშიშროების სამსახურის საკვანძო თანამდებობის პირი, რომელსაც ყველა საიდუმლო ინფორმაციასთან წვდომა აქვს, კგბ-ს თანამშრომელი იყო და, დიდი ალბათობით, დღეს ოკუპანტ სახელმწიფოზე მუშაობს, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი ჩვენ გვაშანტაჟებს და თავხედურად გვემუქრება.
ჩვენი ინფორმაციით, სწორედ ბატონი მჭედლიშვილია დაკავებული რუსული პროპაგანდით და ამ პროპაგანდის სახელმწიფო დაფინანსების კოორდინაციით, რომლებიც ავრცელებენ ამ შხამს ანტიდასავლურ და, მაშასადამე, ანტიქართულ პროპაგანდას.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ეს მედიასაშუალებები, რომელთა ნაწილი პირდაპირ არის დაკავშირებული ბიძინა ივანიშვილთან, აქტიურობდნენ რამდენიმე დღის წინ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდოკადრების გავრცელებაში", - განაცხადა კანდელაკმა.





