სირიის კრიზისი

რუსეთი 15 მარტიდან სირიიდან სამხედრო ძალების ძირითადი ნაწილის გაყვანას იწყებს

Reuters

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სირიიდან სამხედრო ძალების ძირითადი ნაწილის გამოყვანის ბრძანება გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას Independent ავრცელებს.

კრემლის პრესმდივანის, დმიტრი პესკოვის ინფორმაციით, რუსეთი სამხედრო ძალების ძირითადი ნაწილის გამოყვანას 15 მარტიდან დაიწყებს. მისივე ინფორმაციით, პუტინმა სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ ასადს თავისი გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობა.

"ვთვლი, რომ თავდაცვის სამინისტროსთვის დაკისრებული დავალებები ბოლომდე შესრულებულია. აქედან გამომდინარე, 15 მარტიდან სირიიდან ჩვენი სამხედრო ძალების ძირითადი ნაწილების გამოყვანას დავიწყებთ. ჩვენმა ჯარისკაცებმა და ოფიცრებმა გამოავლინეს პროფესიონალიზმი, გუნდურობა, საკუთარი ქვეყნის საზღვრებისგან მოშორებით ბრძოლის უნარი.

რუსეთის სამხედრო ძალებისა და სირიის პატრიოტული ძალების დახმარებით მოვახერხეთ რადიკალურად შეგვეცვალა მდგომარეობა საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში ", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან და თავდაცვის მინისტრთან, სერგეი შოიგუსთან შეხვედრაზე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი სირიის კრიზისში 2015 წლის სექტემბრიდან ჩაერთო.

 

კომენტარები