საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელად ვლადიმერ ვაისი დაინიშნა

GFF

საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ახალ მწვრთნელად სლოვაკი სპეციალისტი ვლადიმირ ვაისი დაინიშნა. ის ნაკრებს მომდევნო ორი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. ახალი მწვრთნელის კანდიდატურა ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა დღეს დაამტკიცა. ამის შემდეგ, 51 წლის სპეციალისტი საზოგადოებას ოფიციალურად ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა წარუდგინა.

"ჩვენსა და ვლადიმერ ვაისს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა თვენახევრის განმავლობაში. ამ პერიოდში ჩვენ მას მივაწოდეთ სრული ინფორმაცია ნაკრების შესახებ. მან თავად ნახა ნაკრების მიერ გამართული ბოლო თამაშები და, შესაბამისად, გაცნობითი სახის სამუშაოები უკვე ჩატარებულია. მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ეყოლება უცხოელი მწვრთნელი, რომელსაც აქვს გამოცდილება სანაკრებო დონეზე. მისი მუშაობა იყო წარმატებული როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე. ასევე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ვაისი დათანხმდა ჩვენს მიერ შეთავაზებულ ხელშეკრულების პირობებს და საბონუსე სისტემას. ჩვენს შორის შედგა შეთანხმება, სადაც ჩადებულია შედეგზე ორიენტირებული პირობები. ეს იყო პრინციპული საკითხი ჩვენთვის. მინდა წარმატება ვუსურვო ვლადიმერ ვაისს. ვიმედოვნებ, რომ დასახულ მიზანს ერთობლივი ძალისხმევით მივაღწევთ და მისი საქართველოში მოღვაწეობა იქნება შედეგიანი", - თქვა ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ლევან კობიაშვილმა.

"ჩემთვის დღეს აქ ყოფნა არის საპასუხისმგებლო, საპატიო და სასიხარულო. ეს არის სამი მთავარი კომპონენტი, რატომაც დავთანხმდი შემოთავაზებაზე, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან მივიღე. პასუხისმგებლობა და პატივი - როდესაც უცხოელი სპეციალისტი იღებს შეთავაზებას ნაკრებში მუშაობაზე, ეს მისთვის საპასუხისმგებლოც არის და საპატიოც. სიხარულია, იმიტომ, რომ რამდენიმეწლიანი შესვენების შემდეგ, ნაკრებში სამუშაოდ ვბრუნდები. ამ პერიოდის განმავლობაში ვმუშაობდი კარგ კლუბში, ყაზახეთის "ქაირათში", სადაც არაჩვეულებრივი სამი წელი გავატარე. დაახლოებით ერთი თვის წინ დამიკავშირდა ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი, დავით მუჯირი, შემდეგ კი ლევან კობიაშვილი, მივიღებდი თუ არა შეთავაზებას ეროვნული ნაკრების პოსტზე. მაშინვე მივხვდი, რომ ეს არ იყო უბრალო შემოთავაზება. ეს იყო გამოწვევა. ამ პერიოდის განმავლობაში გადავხედე ქართული ფეხბურთის ისტორიას, ბოლო ოფიციალურ თამაშებს და ამხანაგურ შეხვედრებს. მე ამ გუნდში, უკვე ჩვენს გუნდში დიდი პოტენციალი დავინახე", - ამბობს ვლადიმერ ვაისი.

ვლადიმირ ვაისს წარმატებული საკლუბო და სანაკრებო სამწვრთნელო კარიერა აქვს. სლოვაკი სპეციალისტის ხელძღვანელობით, 2010 წელს სლოვაკეთის ნაკრებმა სამხრეთ აფრიკის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა, ჯგუფურ ეტაპზე მეორე ადგილი დაიკავა და მსოფლიოს საუკეთესო 16 გუნდს შორის მოხვდა. ვლადიმერ ვაისის ხელმძღვანელობით, სლოვაკეთის საფეხბურთო კლუბმა, ბრატისლავას "პეტრჟალკამ" 2005-06 წლის სეზონში უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა, შემდეგ კი უეფას თასის პლეიოფში გადაინაცვლა. 2011-12 წლის სეზონში სლოვაკეთის "სლოვანი" ვაისთან ერთად უეფას ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მონაწილე გახდა. ბოლო კლუბი, სადაც ვლადიმირ ვაისი მუშაობდა ყაზახეთის "ქაირათი" იყო.

აქვე შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის ფედერაციასა და ყოფილ მწვრთნელ კახა ცხადაძეს შორის ხელშეკრულება დაპირისპირების შემდეგ შეწყდა.

კომენტარები