პირადი კადრები

კამპანია ეს შენ გეხება 19 მარტს აქციას გამართავს

კამპანია ეს შენ გეხება 19 მარტს აქციას გამართავს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ აქცია პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალების გავრცელების წინააღმდეგ იქნება მიმართული. მათი შეფასებით, კადრების გავრცელება არის პირდაპირი შანტაჟი არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანების, არამედ მთელი საზოგადოების მიმართ. 

ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შემდეგ, დღეს, ინტერნეტში კიდევ ახალი კადრები გავრცელდა. ვიდეომასალაში მოქმედი პირები იდენტიფიცირებული არ არის, თუმცა, კადრების ამტვირთავი მოქმედ პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს ახალი მასალის გავრცელებით ემუქრება. ვიდეოს ავტორი მოუწოდებს "მათ, ვისზეც კადრები არსებობს", რომ 31 მარტამდე დატოვონ დაკავებული თანამდებობები.  

"ამ კადრების ხელშეუხებლობის გამო, თქვენ უარი თქვით სამართლიანობის აღდგენაზე და ხელი დააფარეთ ნაცმოძრაობის სისხლიან რეჟიმს. 31 მარტამდე თუ არ წახვალთ პოლიტიკიდან, დაიდება ახალი კადრები, რათა პოლიტიკური ასპარეზი გასუფთავდეს", - წერს ვიდეოს გამავრცელებელი.

პროკურატურამ გამოძიება 157-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. 157-ე მუხლის მეორე ნაწილი გულისხმობს პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ გამოყენებას ან გავრცელებას და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.

კომენტარები