ფარული კადრები

ქალდანი: თავი შეიკავეთ პირადი ცხოვრების კადრების შემდგომი გავრცელებისგან

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტს ეხმაურება. თამარ ქალდანი მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ ვიდეომასალის შემდგომი გავრცელებისგან.

"ინსპექტორი იმედოვნებს, რომ საგამოძიებო ორგანოები ოპერატიულად გამოიძიებენ არა მხოლოდ ჩანაწერის ინტერნეტსივრცეში გავრცელების, არამედ ჩანაწერის წარმომავლობისა და აუთენტურობის საკითხს.

მიუხედავად იმისა, რომ დროის მოკლე მონაკვეთში მასალაზე წვდომა შეიზღუდა, ინსპექტორი მოუწოდებს ყველას, ვისთვისაც მასალა ხელმისაწვდომი გახდა, თავი შეიკავონ ვიდეომასალის შემდგომი გავრცელებისგან, რათა პირადი ცხოვრების ხელყოფის გამო უფრო მეტი ზიანი არ მიადგეს ჩანაწერში ასახული პირების და მათი ოჯახის წევრების ინტერესებს", - ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურამ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება 157-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. 157-ე მუხლის მეორე ნაწილი გულისხმობს პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ გამოყენებას ან გავრცელებას და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

პროკურატურამ ტაბულას განუცხადა, რომ საქმეზე გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

კომენტარები