კანცლერის არჩევნები თსუ-ში

პოლიციამ თსუ-ში სტუდენტებს კანცლერის კენჭისყრაზე დასწრების საშუალება არ მისცა

პატრულის თანამშრომლებმა სტუდენტები, რომლებსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერის კენჭისყრაზე დასწრება სურდათ, აუდიტორიაში არ შეუშვეს. კენჭისყრაზე სენატი გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას უყრის კენჭს. პოლიციელები სტუდენტების არშეშვების მიზეზად აუდიტორიაში ადგილის არქონას ასახელებენ. ადგილზე მოხდა შეხლა-შემოხლა.

სტუდენტების თქმით, სენატის სხდომა ღიაა და ყველას შეუძლია დასწრება. სტუდენტების სხდომაზე შეშვებას ითხოვდნენ ლექტორთა ნაწილიც.

როგორც ტაბულას კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, სტუდენტები ამჟამად უნივერსიტეტის ეზოში იმყოფებიან, კენჭისყრის პროცესი კი ჯერჯერობით არ დაწყებულა. სხდომა 17:00 საათზე იყო ჩანიშნული.

კანცლერის პოზიციაზე კენჭს მხოლოდ ერთი კანდიდატი, გიორგი გაფრინდაშვილი იყრის, რასაც სტუდენტები ბოლო დღეებია, აპროტესტებენ. ისინი გაფრინდაშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ფარულ თანამშრომლობაში ადანაშაულებენ.

"როგორც გუშინწინ აღიარა რექტორმა, უნივერსიტეტს ჰყავს უსაფრთხოების სამსახურიდან უკანონოდ დანიშნული პირი, რომელიც ამავდროულად არის ბატონი გაფრინდაშვილის მეგობარი, კოლეგა. ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ ეს უსაფრთხოების სამსახური მხარს უჭერს ამ კანდიდატს და ამას ჩვენ აღვიქვამთ უნივერსიტეტის ავტონომიის შეზღუდვად", - თქვა სტუდენტმა ლევან ლორთქიფანიძემ.

გიორგი გაფრინდაშვილი ბრალდებებს უარყოფს.

კომენტარები