ენერგეტიკის სამინისტრო

კახა კალაძე კრიმინალური ავტორიტეტისგან ფულის ჩარიცხვას უარყოფს

facebook.com/kakhakaladzeofficial

ენერგტიკის მინისტრი კახა კალაძე უარყოფს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კრიმინალურმა ავტორიტეტმა დავით ქარსელაძემ სამინისტროს ანგარიშზე 1 100 000 $ გადარიცხა. კალაძემ რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში განაცხადა, რომ ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთებაც არ ღირს. მისი თქმით, გაზპრომის შემდეგ, "ენმ-ს თემა აღარ დარჩა და რაღაც ხომ უნდა მოიფიქროს".

"მე არ მესმის საერთოდ, რაზეა საუბარი და რამდენად ღირს ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება, იმიტომ რომ საუბარია ენერგეტიკის სამინისტროს ანგარიშზე გადარიცხვაზე, ამ დროს, ენერგეტიკის სამინისტროს საერთოდ საბანკო ანგარიში არ გააჩნია, ერთადერთი ანგარიში არის ხაზინა, და არა მგონია, ვინმე ხაზინაში თანხებს რიცხავდეს სამინისტროსთვის. ასევე, ბანკი კალა კაპიტალი სართოდ არ არსებობს საქართველოში, თუ სადმე უცხოეთშია ასეთი ბანკი, არ ვიცი. ბანკი, რომელთანაც მე მქონდა კავშირი და ვიყავი დამფუძნებელი, ეს იყო პროგრეს ბანკი, რომელიც რამდენიმე წლის წინ გავასხვისე... მე არ ვამბობ, რომ ეს ნაციონალურმა მოძრაობამ მოიგონა, შეიძლება, ვიღაცამ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა, მაგრამ მგონია, რომ ეს თემა მიზანმიმართულად არის წამოწეული, ვისი მხრიდან, არ ვიცი. თქვენ იცით, რომ მე ხვალ ვაპირებ პარლამენტში მისვლას - იცით, რომ საუბარი იქნება ენერგეტიკაში მიმდინარე პროექტებზე, რა გავაკეთეთ, ამ სამი წლის განმავლობაში, რას ვაკეთებთ სამომავლოდ, გაზპრომზეც იქნება ალბათ შეკითხვები, თქვენ იცით, რომ ენმ გაზპრომთან გარკვეულწილად ცდილობდა, რომ შემოტევები ყოფილიყო, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. მათ ფაქტიურად, თემა არ დარჩათ არაფერი. რაღაც ხომ უნდა მოიფიქრონ ახლა და აი, მოიფიქრეს, რომ ვიღაცამ თითქოს მიუტანა გადარიცხვის ფურცელი, რმ კახა კალაძეს ენერგეტიკის სამინისტროზე გადაურიცხეს მილიონ ასი ათასი ამერიკული დოლარი" - განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები