შანტაჟი

აბაშიშვილი: ფარულ ჩანაწერებზე პრეზიდენტი გიორგი პაპუაშვილს ესაუბრა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტმა ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პირადად მიიღო ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისგან. აბაშიშვილის თქმით, პრეზიდენტისთვის მოსამართლეთა დაცულობისა და მათი თავისუფალი გადაწყვეტილების უზრუნველყოფა ერთ-ერთი პრიორიტეტია.

"საქართველოს პრეზიდენტისთვის მოსამართლეთა დაცულობა, ისევე როგორც მოსამართლთა თავისუფალი გადაწყვეტილების უზრუნველყოფა და მისი ხელშეწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, შესაბამისად, გუშინვე საქართველოს პრეზიდენტი დაუკავშირდა და ესაუბრა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს და მიგვაჩნია, რომ მთელი ეს პროცესი უკიდურესად გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს, იმისათვის, რომ აღნიშნულ საკითხზე არ გაჩნდეს არცერთი კითხვის ნიშანი", - ამბობს გიორგი აბაშიშვილი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა შაბათს განაცხადა, რომ კონფიდენციალურმა წყარომ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალის არსებობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. პაპუაშვილის თქმით, ამ მასალების გამოქვეყნების მთავარი მომხრე იუსტიციის მინისტრია. 

"კონფიდენციალურმა წყარომ გუშინ შემატყობინა, რომ აპირებენ ჩემს წინააღმდეგ უღირსი ფოტო და ვიდეომასალის გამოქვეყნებას, ქალბატონი მინისტრი დაჟინებით ითხოვს, რამდენიმე წევრი და შიდაპოლიტიკური ხელმძღვანელობა ეწინააღმდეგება. ეს კიდევ ერთი უღირსი საქციელი იქნება და კიდევ გამოაჩენს მათ სახეს. ეს ჩემზე იქნება საჯარო ზეწოლა. რა კადრებიც არ უნდა იყოს, ამის მიუხედავად, სასამართლო გააგრძელებს კონსტიტუციით ხელმძღვანელობას და დიდი აზრი არ ექნება, ამიტომ ეს იქნება ძალიან პატარა ადამიანების პირადი შურისძიება", - ამბობს გიორგი პაპუაშვილი. 

კომენტარები