კოალიცია ქართული ოცნება

უსუფაშვილი: კოალიციაში დავრჩებით სტრატეგიული პარტნიორობის რეჟიმში

დავით უსუფაშვილი
საქართველოს პარლამენტი

"რესპუბლიკური პარტია კოალიცია ქართულ ოცნებაში რჩება სტრატეგიული პარტნიორობის რეჟიმში", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკური პარტიის წევრმა დავით უსუფაშვილმა პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. 

"ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ რესპუბლიკური პარტია და პარტია ქართული ოცნება სტრატეგიული თანამშრომლობის რეჟიმში ვრჩებით. მეტიც, ძალიან მალე ჩვენ დავასრულებთ ორპარტიულ შეთანხმებაზე მუშაობას, რომელიც მიმართული იქნება მომავალზე იმისთვის, რომ კოალიციამ თავისი ამოცანები წარმატებით შეასრულოს არა მხოლოდ ამ საარჩევნო ციკლის განმავლობაში, არამედ მომავალშიც. ამ საკითხში პრემიერის და რესპუბლიკური პარტიის პოზიცია ძალიან მყარია. ჩვენ ვაგრძელებთ სტრატეგიულ თანამშრომლობას – სტრატეგიულს და არა ცალკეულ საკითხებზე, თემატურსა და მოკლევადიანს. ამასთანავე, რესპუბლიკელებსა და პარტია ქართულ ოცნებას შორის შეთანხმება დაზუსტდება", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

უსუფაშვილის თქმით, სტრატეგიული პარტნიორობა ნიშნავს სამომავლოდ კიდევ უფრო მჭიდრო საქმიანობას.

"ჩვენ როცა ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ კოალიციაში ერთად დავდექით, გვქონდა კონკრეტული ამოცანები – მაშინ ეს იყო რეჟიმის დასრულება. ეს მოვახერხეთ, დავასრულეთ. შემდგომი ოთხი წლის ერთობლივი საქმიანობა, სტრატეგიული პარტნიორობა კი ნიშნავს სამომავლოდ კიდევ უფრო მჭიდრო საქმიანობას", - თქვა უსუფაშვილმა.

უსუფაშვილის გარდა, შეხვედრაში მონაწილეობდნენ თინა ხიდაშელი, ხათუნა სამნიძე და დავით ბერძენიშვილი.

რესპუბლიკელები პრემიერმინისტრს კოალიციაში არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გიორგი კვირიკაშვილის დღევანდელი განცხადების გამო შეხვდნენ. 

კომენტარები