რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, "მოულოდნელად შექმნილ რთულ პოლიტიკურ ვითარებაში სიცხადის შესატანად", პარტიის წევრები პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდებიან.
"რესპუბლიკური პარტიის წინადადებით, მოულოდნელად შექმნილ რთულ პოლიტიკურ ვითარებაში სიცხადის შესატანად, პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დაინიშნა პარტიის უფლებამოსილი პირების შეხვედრა, რომელიც გაიმართება დღესვე. რესპუბლიკური პარტია კომენტარებს აღნიშნულ შეხვედრამდე არ გააკეთებს", - ნათქვამია პარტიის თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კოალიცია ქართულ ოცნებაში შემავალი პარტიების, რესპუბლიკელებისა და მრეწველების ბოლოდროინდელ დაპირისპირებას განცხადებით გამოეხმაურა. მან მოუწოდა ყველას, ნებისმიერი სადავო საკითხი მხოლოდ კოალიციის შიგნით განიხილონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრემიერმინისტრის თქმით, კოალიციაში ცვლილებები იქნება.





