თავდასხმა მუსლიმებზე

ომბუდსმენი: დაუსჯელობამ რელიგიურ ნიადაგზე ახალ ინციდენტს მისცა ბიძგი

ombudsman.ge

სახალხო დამცველი სოფელ ადიგენში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება. ომბუდსმენის განცხადებით, რეგიონში ადრე მომხდარი შემთხვევების დაუსჯელობამ რელიგიურ ნიადაგზე ახალ ინციდენტს მისცა ბიძგი. სახალხო დამცველი მოუწოდებს როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ ხელისუფლებას, გამოიყენოს ყველა გონივრული საშუალება დაძაბულობის თავიდან არიდებისა და ვითარების განმუხტვის მიზნით. ასევე მოუწოდებს სამართალდამცველ უწყებებს, უმოკლეს ვადაში გამოიძიონ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი, რათა დაპირისპირება და სამართალდამცავების დაგვიანებული ან არაჯეროვანი რეაგირება კიდევ ერთხელ არ გახდეს ძალადობის წახალისების საფუძველი.

"საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება 2016 წლის 29 თებერვალს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ადიგენში მომხდარ ფაქტს, სადაც მუსლიმებისათვის სასაფლაოსათვის ტერიტორიის გამოყოფის საკითხის გამო ერთმანეთს ადგილობრივი ქრისტიანი და მუსლიმი მოსახლეობა ერთმანეთს დაუპირისპირდა. სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა, რასაც მოყვა ვითარების უკიდურესად დაძაბვა.

სახალხო დამცველის წარმომადგენელი ადგილზე იმყოფებოდა ინფორმაციის გავრცელებისთანავე. სოფელ ადიგენში მცხოვრებ მუსლიმ თემს არ გააჩნია სასაფლაო და მიცვალებულთა დაკრძალვა მეზობელი სოფლების მუსლიმთა სასაფლაოზე ან საკუთარი სახლების ეზოებში უწევთ. პრობლემის მოგვარების მიზნით, რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტომ მუსლიმთათვის სასაფლაოს მოსაწყობად წარმოადგინა სოფელ ადიგენში შესაბამისი ტერიტორიის გამოყოფის რეკომენდაცია. თუმცა, ადგილობრივი ქრისტიანი მოსახლეობა რეკომენდაციას არ დაეთანხმა, რასაც ჯერ სიტყვიერი, ხოლო მოგვიანებით, ფიზიკური დაპირისპირება მოყვა. ნაცემია მუსლიმთა თემის სამი წარმომადგენელი.
სამწუხაროდ, ამ რეგიონში პირველად არ მომხდარა განსხვავებული მრწამსის მქონე ადამიანების დევნა და მათი რელიგიური წესების აღსრულებისათვის ხელის შეშლა. აღნიშნული დარღვევები თავის დროზე სათანადოდ არ იქნა გამოძიებული, დაუსჯელობამ კი ბიძგი მისცა ახალ ინციდენტს რელიგიურ ნიადაგზე, რომელიც საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ საზოგადოებაში განსხვავებული რელიგიური მრწამსის მქონე ადამიანების ერთობლივ თანაცხოვრებას.

სახალხო დამცველი ყურადღებით აკვირდება განვითარებულ მოვლენებს და ადგილობრივ მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებას ურჩევს, რათა ვითარება არ დაიძაბოს და რელიგიური შუღლი უფრო ფართო მასშტაბით არ გაღვივდეს", - წერია განცხადებაში.

კომენტარები