საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი სპეციალური კომისიის მიერ არჩეულ სტრასბურგის მოსამართლეობის ხუთ კანდიდატს შორის ვერ მოხვდა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციიით, სამთავრობო კომისიამ გასაუბრების შედეგად, ქულათა ჯამით, ხუთი კანდიდატი: ალექსანდრე ბარამიძე, ნანა მჭედლიძე, გიორგი ბადაშვილი, ანა დოლიძე და ევა გოცირიძე დაასახელა. კანდიდატთა ხუთეული მთავრობას წარედგინება, რომელიც სამ პირს აირჩევს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე წარსადგენად.
მთავრობის მიერ დამტკიცებული 3 კანდიდატიდან ერთ-ერთს ევროპის საბჭო 2016 წლის შემოდგომაზე აირჩევს.
სპეციალური სამთავრობო კომისიის წევრები არიან: იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ხათუნა თოთლაძე; საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე; საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე; საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია; საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე; საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მზია თოდუა; საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი ზაზა ხატიაშვილი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ბურდული; კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის" წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი.