ტელეკომპანია მაესტროს დირექტორი ბაია გადაბაძე თანამდებობიდან გათავისუფლებულია. გადაწყვეტილება არხის პარტნიორთა კრებამ მიიღო. არხის დირექტორის მოვალეობას გია გაჩეჩილაძის ძმა, ლევან გაჩეჩილაძე შეასრულებს. თავად არხის უკვე ყოფილი დირექტორი მის გათავისუფლებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ტელეკომპანია მაესტროში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან არასამთავრობო ორგანიზაციები. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე რეიტინგით ქვეყნის მესამე ტელეარხის მფლობელობაში მომხდარი მოულოდნელი ცვლილები საფუძვლიან ეჭვებს აჩენს პროცესის შესაძლო პოლიტიკურ მოტივებთან დაკავშირებით.
ტელეკომპანია მაესტროს საკონტროლო პაკეტის მფლობელი 2016 წლის 1 თებერვლიდან გიორგი გაჩეჩილაძე გახდა. მან გიორგი ებრალიძისა და ლევან ჩიკვაიძისგან კომპანიის წილები იყიდა, რითაც მაესტროს 55%-იანი წილის მფლობელად იქცა. მაესტროსა და ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ტელეკომპანია ჯიდიესის სარეკლამო დრო ტელეკომპანია "იმედმა" შეისყიდა. რა გავლენას მოახდენს საარჩევნო წელს მაესტროში მიმდინარე მოვლენები მედია გარემოზე და რა ხდება ახლა ტელევიზიაში?




