ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა ირმა ნადირაშვილმა და გიორგი კანდელაკმა დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის მცხეთის რაიკომის ოფიციალური გაზეთის 1985 წლის ნომერი გაასაჯაროვეს. მასში წერია, რომ სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილე, მირიან მჭედლიშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის რაიკომის ინსტრუქტორად, ასევე, მცხეთის რაიონის კომუნისტური პარტიის ცეკას აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილების უფროსად. ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს უშიშროების სამსახურის საკვანძო თანამდებობის პირი, რომელსაც წვდომა აქვს აბსოლუტურად ყველა საიდუმლო ინფორმაციაზე, არის KGB-ს ყოფილი თანამშრომელი.
„ჩვენ მოვიპოვეთ მტკიცებულება - საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის მცხეთის რაიკომის ოფიციალური გაზეთის 1985 წლის ნომერი, რომლის თანახმადაც, ამჟამად სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილე, მირიან მჭედლიშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის რაიკომის ინსტრუქტორად. ამის შემდეგ, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, ბატონი მჭედლიშვილი ასევე მუშაობდა მცხეთის რაიონის კომუნისტური პარტიის ცეკას აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილების უფროსად. ორივე თანამდებობა, პირდაპირ წარმოადგენს საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტის KGB-ს ნომენკლატურას", - თქვა ირმა ნადირაშვილმა.
გიორგი კანდელაკი კი ამბობს, რომ ეს ინფორმაცია არის საქართველოს სახელმწიფოს უშიშროების სისტემის მორღვევის გამო განგაშის ზარის შემოკვრის კიდევ ერთი მიზეზი. მან აღნიშნა, რომ მჭედლიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებით, რუსულ პროპაგანდას ავრცელებს.
„ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, სწორედ ბატონი მჭედლიშვილია დაკავებული - ბიძინა ივანიშვილის დავალებით - რუსული პროპაგანდის კოორდინაციით და სხვადასხვა მედიასაშუალებების დაფინანსებით, რომლებიც ახდენენ აღნიშნული პროპაგანდის გავრცელებას. შეგახსენებთ რომ ანტიდასავლური პროპაგანდის საქართველოში გაძლიერებაზე სულ ცოტა ხნის წინ შეერთებული შტატების დაზვერვაც საუბრობდა. ბატონი მჭედლიშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა ბანკ ქართუში, ითვლება პირდაპირ ივანიშვილის კადრად და ანგარიშვალდებულია მის წინაშე", - აღნიშნა გიორგი კანდელაკმა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს სუს-ის უფროსის მოადგილის გადადგომას. პარტიის წარმომადგენლების თქმით, მჭედლიშვილის მიერ თანამდებობაზე გატარებული ყოველი წუთი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის პირდაპირ საფრთხეს შეიცავს და ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
„დაიწყოს გამოძიება ყველა იმ პირის მიმართ, ვინც ლობირებდამჭედლიშვილის ამ თანამდებობაზე დანიშვნას, პირველ რიგში კი, ბიძინა ივანიშვილის მიმართ", - ამბობს კანდელაკი.





