- საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-მა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოში არსებული მდგომარეობაც არის განხილული. ორგანიზაცია კვლავ ხაზს უსვამს, რომ საქართველოში პოლიტიკური ნიშნით
დევნა და შერჩევითი სამართალი შეშფოთების საგანია.
ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაზე, სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე, წამებისა და სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე, მათ შორის ციხის კადრების საჯარო ჩვენებაზე.
ანგარიშში ცალკე პუნქტადაა გამოყოფილი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ირგვლივ სასამართლო დავა. ანგარიშის თანახმად, გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით რუსთავი 2-ში მიმდინარე მოვლენებმა შეშფოთება გამოიწვია.
- საკონსტიტუციო სასამართლო ტელეკომპანია რუსთავი2-ის მეორე სარჩელს განიხილავს, რომლითაც ტელეკომპანია „ამორალური გარიგების“ მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს. სწორედ სამოქალაქო კოდექსის ამ მუხლის გამოყენებით ცდილობდა ქიბარ ხალვაში სასამართლოში რუსთავი 2-ის წილების დაბრუნებას და მასზე დაყრდნობით მიიღო მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ტელეკომპანიის ხალვაშისთვის მიკუთნების გადაწყვეტილება. სასამართლო პროცესზე, მოსარჩელე მხარემ, ანუ რუსთავი 2-ის ინტერესების დამცველმა განაცხადა, რომ ნორმა, რომლითაც ურთმელიძემ იხელმძღვანელა, ბუნდოვანია და მოსამართლეს თვითნებური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას აძლევს. მოპასუხე მხარე კი ამბობს, რომ ეს ნორმა სხვა კანონებშიც მოქმედებს და ის კონსტიტუციას შეესაბამება.
- ტყიბულში მაღაროელების გაფიცვა გრძელდება. უკვე მეთერთმეტე დღეა, მეშახტეები დამსაქმებელი კომპანია შპს “საქნახშირი ჯი-აი-ჯი“ ჯგუფისგან 13 მოთხოვნის შესრულებას ითხოვს, მათ შორისაა სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ხელფასების მომატებას და შესაბამისი სამუშაო აღჭურვილობებით უზრუნველყოფა.




