ე.წ. პოლიციის რეიდები

შსს: ე.წ. რეიდებისას სისხლის სამართლის დანაშაულისთვის 37 პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საპოლიციო კონტროლის შედეგად, სისხლის სამართლის 101 და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 769 ფაქტი გამოავლინეს. შსს-ს განცხადებით, 18-19 თებერვალს ე.წ. რეიდებისას, დააკავეს სამი ძებნილი პირი და ქვეყანაში არალეგალურად მყოფი რუსეთის ერთი მოქალაქე.

სამინისტროს ინფორმაციით, გამოვლენილ სისხლის სამართლის დანაშაულებს შორის არის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების (სსკ-ს 236-ე მუხლი) 20 ფაქტი; ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების (სსკ-ს 260-ე მუხლი) 15 ფაქტი; ნარკოტიკების განმეორებით უკანონო მოხმარების (სსკ-ს 273-ე მუხლი) 24 ფაქტი; ქურდობის (სსკ-ს 177-ე მუხლი) 28 ფაქტი; 

ამასთან, შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა გამოავლინეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 769 ფაქტი, მათ შორის - ნარკოტიკების უკანონო მოხმარების (ასკ-ს 45 -ე მუხლი) 71 ფაქტი; წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ს 166-ე მუხლი) 7 ფაქტი; დაუმორჩილებლობა/წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ს 166-ე და 173-ე მუხლები) 38 ფაქტი; ცივი იარაღის ტარების (ასკ-ს 181-ე პრიმა მუხლი) 34 ფაქტი; საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლის სმის (ასკ-ს 171-ე მუხლი) 30 ფაქტი და "სხვადასხვა სახის სამართალდარღვევის" - 589 ფაქტი.

"სამართალდამცველებმა, ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, 4 ავტომატი, 1 შაშხანა, გადაჭრილი სანადირო თოფი, 5 პისტოლეტი, 57 ხელყუმბარა, 4 კაპსულ-დეტონატორი და სხვადასხვა კალიბრის 732 ვაზნა ამოიღეს. ასევე, ამოღებულია 73 აბი „სუბუტექსი", 1 შეკვრა „ბუპრენორფინი", 5 შეკვრა „ბიო", 6 აბი და აბის ნატეხი „სუბოქსინი", 3 გრამი ჰეროინი, 2 შეკვრა მარიხუანა და 1 შეკვრა მცენარეული მასა. შედეგად, სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დავაკავეთ 37 პირი, მათ შორის: 11 პირი - სსკ-ს 260-ე მუხლით, 7 პირი – სსკ-ს 236-ე მუხლით, 14 პირი – სსკ-ს 177-ე მუხლით, 2 პირი - სსკ-ს 273-ე მუხლით, 2 პირი - სსკ-ს 353-ე მუხლით და 1 პირი - სსკ-ს 117-ე მუხლით", - აცხადებს შსს.

18-19 თებერვალს, საქართველოს ყველა რეგიონში სამართალდამცველები ე.წ. რეიდებს ატარებდნენ. ისინი ფეხით მოსიარულეებსა და ავტომანქანებს აჩერებენ და ჩხრეკდნენ. შემოწმებაში ჩართულები იყვნენ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მინისტრის ბრძანებით, საქართველოს ყველა რეგიონში რიგითი საპოლიციო შემოწმება მიმდინარეობს. უწყებაში ირწმუნებიან, რომ საპოლიციო შემოწმებები ჩვეული მოვლენაა და წესრიგის დაცვას ემსახურება.

ე.წ. რეიდებს გამოეხმაურა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი. EMC-ის შეფასებით, რეიდის ის მეთოდები, რასაც პოლიცია ბოლო წლებში იყენებს, აშკარად სცდება დანაშაულის პრევენციის ბუნებას და რეპრესიულ სახეს იძენს. ორგანიზაციამ შსს-ს მოუწოდა, განმარტოს ამ მასშტაბის რეიდების საფუძველი და საჭიროება.

ცნობისთვის, მასშტაბური საპოლიციო რეიდები 2013 წლის ზაფხულშიც მიმდინარეობდა. ტერმინი "სპეციალური საპოლიციო კონტროლი" კი, პოლიციის შესახებ კანონში 2014 წელს გაჩნდა. 

კომენტარები